„ეს იყო და არის ე.წ. ოქროს მოწმის პირადი შურისძიება“ - რას ამბობს გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ბავშვზე ძალადობა

არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს დღეს ბრალს წაუყენებენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ადვოკატი შეხვდება.

მოგვიანებით მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხი უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, უფრო მეტიც, მისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რატომაც იმყოფება წინასწარი მოთავსების იზოლატორში.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შოკირებულია მომხდარით. მისთვის არის წარმოუდგენელი ის ბრალდება, რატომაც იგი დღეის მდგომარეობით იმყოფება წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მე კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო და არის ე.წ. ოქროს მოწმის პირადი შურისძიება. მოტივებთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ შესაძლებელია ერთი მოწმის ჩვენება გახდეს ადამიანის დაკავების საფუძველი," - აცხადებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ დაზარალებული მოზარდი გოგო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი რამდენიმე სოფელში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი იყო.