„დანა ჩაარტყა გულში, მამა აღარ მოძრაობდა...“ - 7 წლის ბავშვის ჩვენებამ მკვლელობის საქმე თავდაყირა დააყენა

მკვლელობა

ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს - ჰყვება, რომ მეუღლე ოჯახური კონფლიქტის დროს, დანის რამდენიმე დარტყმით მას შემდეგ მოკლა, რაც შვილების ჩამორთმევით დაემუქრა. ქალმა სამართალდამცველებს არჩადენილი დანაშაული დეტალურად აღუწერა, რის შემდეგაც ის მკვლელობის ადგილზე დააკავეს.

დღე მეორე - სასამართლოში ნატო ხელაძე მკვლელობას უარყოფს. სავარაუდოდ, დაკავებულ ქალს არავინ დაუჯერებდა, რომ არა მისი 7 წლის შვილის ჩვენება. 7 წლის ბიჭის ნათქვამმა გამოძიება თავდაყირა დააყენა. "კურიერი P.S.-მა" არასრულწლოვანის ჩვენება მოიპოვა.

„ჩვენთან სტუმრები იყვნენ, დედა მამას ეჩხუბებოდა, მამა დაწოლილი იყო. ბიძიამ ფეხი დაარტყა ორჯერ მას თავში. სტუმრები წავიდნენ, სახლში დავრჩით მე დედიკო და მამიკო. მამამ დედას უთხრა, რომ პოლიციაში მივდივარ და ვეტყვი, რომ მირტყამდნენო, დედა ეუბნებოდა არ წახვიდეო. ამ დროს მან დედას ხელი დაარტყა. მალევე ჩვენთან მოვიდა მახო ბიძია, რომელიც მიუხლოვდა ძირს დაწოლილ მამას და დადგა მუხლებზე და მამიკოს უთხრა, ხომ გითხარი, გოჭივით დაგკლავო და დანა დაარტყა გულში, მამა აღარ მოძრაობდა, შემეშინდა და დავიწყდე ტირილი...“, - ამბობს ბავშვი ჩვენებაში. 

 

მოკლულის შვილი და 13 წლის გერი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, ბავშვების ჩვენებით კი, გამოძიებამ რეალური სურათი აღადგინა.

სამტრედია, ბარათაშვილის ქუჩა - მალხაზ გოგია სახლში ცოლთან, შვილთან და 13 წლის გერთან ერთად, 2 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. ცნობილია, რომ მამაკაცი მეუღლეზე და მის 13 წლის გოგონაზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა. ოჯახური ძალადობის დროს, ნატო ხელაძის ერთ-ერთმა ძმამ სიძე წარსულშიც დაჭრა და ისიც ნასამართლევია.

ბოლო კონფლიქტი კი ასე ვითარდება: პირველი აპრილი, 23:00 საათი - ნატო ხელაძეს და მალხაზ გოგიას ნათესავები ესტუმრნენ, ცოლის ძმები, მათი მეუღლეები და კიდევ ერთი პირი. მასპინძელი მალხაზ გოგია, სტუმრებმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე სცემეს, ბოლო ფაქტის შემდეგ კი სახლი დატოვეს. ნასვამი მალხაზ გოგია ფიზიკური ძალადობის შესახებ ნათესავების მხილებას და პოლიციაში წასვლას გეგმავდა, მეუღლე წინააღმდეგი იყო. ქალმა ნასვამი ქმრის გეგმები ტელეფონით მისი სახლიდან წასულ ძმებს შეატყობინა, მოძალადე სტუმრები დაახლოებით ღამის 3 საათზე დაბრუნდნენ, მალხაზ გოგია კიდევ ერთხელ სცემეს, რის შემდეგაც მალხაზ ხელაძემ დის ქმარი სამზარეულოს დანით მოკლა. სანამ მიიმალებოდა, მკვლელობის იარაღი სახლის წინ, არხში ჩააგდო.

სავარაუდოდ, შიშის ან იძულების გამო, ქალმა 112-ში დარეკვისას ოპერატორს შველა სთხოვა და უთხრა, რომ ქმარი მან დაჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ სასწრაფოში ზარის შემდეგ, ნატო ხელაძე ძმებმა გვამთან მარტო დატოვეს. დამნაშავეებმა სახლიდან მისი არასრულწლოვანი შვილებიც წაიყვანეს. ძმების გეგმის შესაბამისად კი, ადგილზე მისულ პოლიციას ქალმა უთხრა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. სიმართლე 2 დღეში გაირკვა, ქალს მძიმე მუხლი, ცრუ ჩვენებით შეეცვალა.

5 ჭრილობა გულ-მკერდის არეში - გარდაცვლილის სხეულზე რამდენიმესაათიანი ცემის კვალიც აღმოაჩინეს. 32 წლის მალხაზ გოგიას მკვლელობის ბრალდებით, მისი ცოლის ძმა, მალხაზ ხელაძე დააკავეს. ჯგუფური ძალადობის და ცრუ ჩვენებისთვის აიყვანეს მეორე ძმა, ძმისშვილი და კიდევ ერთი პირი.

მალხაზ ხელაძეს მკვლელობის გასამართლებლად საკუთარი ვერსია აქვს, თუმცა არაფერს ამბობს, რატომ დაიბრალა დამ მისი დანაშაული.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლეც. "კურიერი P.S-მა" მას სამტრედიაში, სახლში მიაკითხა. ნანა ტყეშელაშვილი მკვლელობის ადგილზე ყოფნას უარყოფს, თუმცა საქმის მასალები საპირისპიროს ამტკიცებს. ქალი უკვე გამოჰკითხეს და მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზეც გააფრთხილეს.

რატომ აიღო თავის თავზე დანაშაული - მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, ნატო ხელაძემ განმეორებითი ჩვენება მისცა და სიმართლე თქვა. ადვოკატი ახლა დაკავებული ქალის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

პროკურორი ბრალდებულთა წრის გაფართოებასთან ერთად, არ გამორიცხავს, რომ მოკლულის მეუღლე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

32 წლის მალხაზ გოგია ფოთში დაკრძალეს. მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი ჯგუფურად მოკლეს. შვილმკვდარი დედა დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.