დააკავეს პირი, რომელმაც ურეკში, ჰიდროციკლით საფრთხე შეუქმნა ზღვაში მოქალაქეებს, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

დააკავეს პირი, რომელმაც ურეკში, ჰიდროციკლით საფრთხე შეუქმნა ზღვაში მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც ურეკში, ჰიდროციკლით საფრთხე შეუქმნა ზღვაში მოქალაქეებს, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.