„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
კახა ჩუბინიძის სამუშაო მაგიდა ახლა ცარიელია, დაკეტილია იმ ოფისის კარიც, სადაც საქმიანობდა - იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და 2-წუთიანი ფარული ჩანაწერებიც გაასაჯაროვა. კადრები სხვადასხვა დროს და ადგილას არის გადაღებული. გამოძიების ინფორმაციით, მასალაში ადვოკატისა და პატიმრის ოჯახის წევრის საუბარი ისმის.
ქალი, რომელიც ადვოკატს ფულის დაბრუნებას სთხოვდა, მსჯავრდებულის დაა. იმ პატიმრის, რომელიც, "კურიერის" ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის ამ დრომდე იხდის. სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმეზე იყო კახა ჩუბინიძე მსჯავრდებულის უფლებადამცველი.
გამოძიების ინფორმაციით, ადვოკატმა პატიმრის ოჯახი დაარწმუნა, რომ მსჯავრდებულს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, სასჯელს 3-დან 4 წლამდე შეუმცირებდა. პირობის შესასრულებლად, თავდაპირველად 10 000 ლარი მოითხოვა და აიღო. დაზარალებული მხარე მოატყუა, რომ ეს თანხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებისთვის უნდა გადაეცა - თითქოსდა, მათი ნებართვის გარეშე პროკურატურა საპროცესო შეთანხმების საკითხს არც კი განიხილავდა.
ირკვევა, რომ ადვოკატი პატიმრის დას 100 000 ლარსაც სთხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, კახა ჩუბინიძე ოჯახს ატყუებდა, რომ 40 000 ლარი პროკურატურისთვის იყო განკუთვნილი, 60 000 ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაერიცხა.
პატიმრის და მიხვდა, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ადვოკატი მალევე დააკავეს, დაკავების ღონისძიება რუსთავში, ერთ-ერთ ქუჩაზე მიმდინარეობდა.
კახა ჩუბინიძე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და დუმილის უფლებით სარგებლობს.
თაღლითობის საქმეზე ოპერატიული ღონისძიებები და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
დანაშაული, რომელსაც გამოძიება ადვოკატს ედავება, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ კახაბერ ჩუბინიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
ბრალდების მხარე სასამართლოს 2-თვიანი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, საქალაქო სასამართლოში სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ დაინიშნება.