„13 წლის გოგომ ოჯახს წერილი დაუტოვა, რომ სახლიდან სამუდამოდ წავიდა... რამდენიმე დღეში კი პოლიციამ 18 წლის ბიჭი დააკავა“ - საქმის დეტალები

ნაადრევი ქორწინება

ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება - 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლე ნინო გიორგაძემ 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

13 წლის გოგონა ფურცელზე დაწერილი რამდენიმე სიტყვით ოჯახს ატყობინებდა, რომ სახლიდან სამუდამოდ წავიდა და შეყვარებულთან ერთად გაიქცა. კონკრეტული ადგილი, თუ სად მიდიოდა წერილში ნახსენები არ იყო.

გოგონას გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა სამართალდამცველებს მიმართა. ბიძა ქალაქის პოლიციაში მივიდა და სკოლის მოსწავლის სახლიდან ღამით დაკარგვის შესახებ განაცხადა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა.

დაკარგულს პოლიციამ სხვა ქალაქში მიაკვლია. ის 18 წლის მამაკაცმა, რომელიც გოგოს მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, საკუთარი ნათესავის სახლში წაიყვანა. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს პირველად რამდენიმე თვის წინ, მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ.

აღმოჩნდა, რომ ბიჭმა 5 წლით უმცროს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა. სწორედ ამიტომ, უკვე აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა. გამოძიებამ მამაკაცი დააკავა ბრალდებით: თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის კავშირის დამყარებისთვის. 13 წლის გოგო სახლში მეორე დღეს დააბრუნეს.

ბრალის დაზუსტების შემდეგ, საქმეზე მსჯელობა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო. აღმკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა. საქმის პროკურორის თქმით, მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულის გათავისუფლებამ შესაძლოა საქმეზე მოახდინოს გავლენა. მათ შორის ყურადღება მახვილდება მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე.

საქმეზე შემდგომი პროცესი სექტემბრის ბოლოს ჩაინიშნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.