შუქი გაითიშება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1780772456
ახალგაზრდა ხელოვანი და ორი შვილის დედა მონიკა შონია, სამეგრელოში ერთადერთია, ვინც მომხმარებელს სურნელოვანი სანთლებისგან შექმნილ ყვავილებს, ხელით ნაქსოვ დეკორატიულ ყუთებსა და კალათებში სთავაზობს.
მისი განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევრები სოციალურ ქსელში უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თითოეული კომპოზიცია ინდივიდუალური დიზაინით, ფერების ჰარმონიითა და დეტალებზე განსაკუთრებული ზრუნვით იქმნება. მონიკას მიერ შექმნილი თაიგულები ერთი შეხედვით ნამდვილ ყვავილებს ჰგავს, თუმცა რეალურად ისინი სრულად ხელნაკეთი, სურნელოვანი სანთლებია, რომლებიც ინტერიერის დეკორაციასთან ერთად პრაქტიკული გამოყენებისთვისაც არის განკუთვნილი.
როგორც თავად ამბობს, იდეა სწორედ იმ სურვილიდან გაჩნდა, რომ მომხმარებლისთვის განსხვავებული, ემოციური და დასამახსოვრებელი საჩუქარი შეეთავაზებინა, ისეთი, რომელიც სილამაზესთან ერთად განსაკუთრებულ ატმოსფეროსაც შექმნიდა.
„შთაგონების წყარო ძირითადად ყვავილებია, ტიტები, გვირილები, მზესუმზირები და სხვა მრავალფეროვანი ყვავილი, რომლებიც თაიგულს საოცარ სურნელთან ერთად სიფერადესა და სიცოცხლეს სძენს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დეკორატიული კალათებიც საკუთარი ხელით იქმნება. ეს ჩემი იდეაა და მიხარია, რომ ამ ინიციატივით ბაზარზე პირველი ვარ,“ - ამბობს მონიკა შონია.
ახალგაზრდა ხელოვანი განსაკუთრებულ ყურადღებას ხარისხს უთმობს. მისივე თქმით, ნამუშევრების შესაქმნელად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალებს იყენებს. სანთლები მზადდება ბრიტანული წარმოების Kerax-ის ფირმის 100%-იანი ნატურალური სოიოს ცვილისგან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცვილად მიიჩნევა. ფერები და სურნელებიც უმაღლესი ხარისხის, ესპანური წარმოების ორგანული მასალაა და სრულად თავისუფალია ქიმიური მავნებლებისგან.
„დეკორატიული სანთლების შექმნაში მთავარი ხარისხია, თუმცა ამას მხატვრული ხედვაც სჭირდება. ამ საქმეში აუცილებელია სიზუსტე და მოთმინება. თავიდან უამრავი სახის ცვილი გამოვცადე, რადგან მინდოდა საუკეთესო შედეგისთვის მიმეღწია. ჩემი პროდუქცია თვეების განმავლობაში მაქვს დატესტილი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დროს კარგად უძლებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნივთი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო იყოს,“ - აღნიშნავს მონიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ხელოვანი ბაზარზე სულ ერთი თვის წინ გამოჩნდა, მის ნამუშევრებს უკვე არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. მონიკა ამბობს, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და მომავალში პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანასაც გეგმავს. „ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ონლაინ ვყიდი ჩემს პროდუქციას, თუმცა უკვე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს. ხშირად ღამით ვმუშაობ, ზოგჯერ თაიგულის მზადებისას დამთენებიც კი შეხვედრია, მაგრამ ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თითოეულ ნამუშევარში დიდ სიყვარულსა და ენერგიას ვდებ,“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ მონიკა შონიამ.