ქალაქ ფოთის მერი 10-დღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ იმყოფება

რეკლამა

ქალაქ ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე, 10-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია მსოფლიოს პროგრამის პროექტის ფარგლებში. 

პროექტის მთავარი მიზანია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის შექმნა, ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით აშშ-ის მაგალითზე. 

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ლიდერებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიაროთ სამუშაო გამოცდილება, გაცვალონ იდეები და ჩამოაყალიბონ პარტნიორული ურთიერთობები. 

ბექა ვაჭარაძემ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შტატის მთავარ აუდიტორთან, შტატის სახელმწიფო მდივანთან, გუბერნატორის ოფისისა და სენატის წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან. 

,, აღნიშნულ შეხვედრებზე ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს წარმატებული გამოცდილება მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. აშშ-ში ვიზიტმა, მომცა შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეცნო ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ფოთი თავისი ისტორიული წარსულითა და რეალობით. მჯერა, ეს ვიზიტი ჩვენს ქალაქს მისცემს ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური გაძლიერებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიმართულებით. პროგრამა სრულად დაფინანსებულია კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის მიერ. მადლობა, ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს საიმედო მხარდაჭერისათვის“,- განაცხადა ფოთის მერმა.