1779737742
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად დაესწრო.
„ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ფოთში გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შემეცნებით აქტივობებში.
საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.











