მნიშვნელოვანი სიახლე პირველკურსელებისთვის - ვისთვის იქნება სწავლა უფასო

თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით,  განაცხადების მიღება იწყება

ახალ სასწავლო წელს, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით. ცვლილების თანახმად, წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პირველკურსელები როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ.

„პირველად მოხდა, რომ ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე. განისაზღვრა 21 600-მდე ადგილი 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასო იქნება. ასევე, პირველად ხდება ის, რომ ყველა აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს რამდენიმე პროფესიული მიმართულება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ დააგროვებენ საკმარის ქულებს, რომ მოიპოვონ ადგილი უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა პროფესიულ კოლეჯში," - აცხადებს გივი მიქანაძე.