1783576728
პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას უკავშირდება.
საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ რიგი სკოლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საჭიროებენ და ეს შეეხება როგორც საკლასო ოთახების, ასევე სპორტული მოედნების და დარბაზების კეთილმოწყობას.
ხაზი გაესვა, რომ მთიანი რეგიონის სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენდა, რის გამოც, ბოლო წლებში მოსწავლეთა ნაკადის შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის შემდეგ, მიგრაციული პროცესები შენელდა და სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება.
„ზემო აჭარაში სკოლების დათვალიერებისას ჩვენ ვნახეთ როგორც ინფრასტრუქტურულად გამართული სასწავლო დაწესებულებები, ასევე ისეთი სკოლებიც, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებენ. რეგიონისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს მიგრაცია წარმოადგენდა, თუმცა მჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ზემო აჭარაში ტურიზმის განვითარება მთის მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს და სკოლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე ვისაუბრეთ. კომიტეტი მზად არის თავის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ზემო აჭარაში სასკოლო დაწესებულებებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც გამართულ სასწავლო პროცესს უკავშირდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
კომიტეტის წევრები და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ბეღლეთის, ბოძაურის, საციხურის და დაბა შუახევის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში პარლამენტის წევრებთან ერთად აგრეთვე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
„ზემო აჭარაში სხვადასხვა სკოლას ვესტუმრეთ. ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და იმ სამუშაოებს, რომლებსაც სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. უნდა აღნიშნოს, რომ როგორც სკოლების, ასევე ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოებია განხორციელებული, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და მხარი დავუჭიროთ ადგილზე განსახორციელებელ პროექტებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.











