გაზიფიცირების სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში მიმდინარეობს

გაზი

მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზსადენის მშენებლობის სამუშაოებს სოფლებში მაგრანეთსა და ნადოკრაში გაეცნო.

„თიანეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის დასახლებებს ბუნებრივი აირით აქამდე არ უსარგებლიათ. გაზიფიცირების დასრულების შემდეგ როგორც საოჯახო მეურნეობები, ისე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნილებები სწორედ ბუნებრივი აირის მეშვეობით დაიკმაყოფილონ. ბუნებრივი აირის მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნას ხე-ტყის რესურსზე, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა.


ჯუბო ტურაშვილის თქმით, გაზიფიცირების დასრულების შემდეგ, თიანეთის მუნიციპალიტეტის 1100-ზე ოჯახზე მეტს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობას ექნება.

არსებული პროექტის თანახმად, ჯამურად 88 092 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება. როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისე მცხეთა - მთიანების მხარეში გაზიფიცირების სამუშაოები სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს. უშუალოდ მხარეში სამთავრობო პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის ბუნებრივ აირზე წვდომა 5 426 აბონენტს აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ თიანეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ისეთ სოფლებში, როგორიცაა ვეძათხევი, ზურაბები, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ზემო ნაქალაქარი, მაგრანეთი, ღულელები, კვირიასხევი, კვერნაული, ბალებისხევი, სიონთგორი და ნადოკრა. გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილია 29 დასახლებულ პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც დაახლოებით 1562 აბონენტს მოიცავს.

2013 – 2024 წლებში გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება, ჯამურად, 380 ათასზე მეტ აბონენტს მიეცა. დღეისათვის საქართველოში აბონენტების დაახლოებით 93 პროცენტს (1,5 მლნ-ზე მეტს) ბუნებრივ აირთან წვდომა აქვს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.