1750105182
რუსეთმა უკრაინას ომში დაღუპულთა კიდევ 1 245 ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას ომში დაღუპული 1 245 ადამიანის ცხედარი გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რუსეთმა სულ 6057 ადამიანის ცხედარი გადასცა უკრაინას, რაც გათვალისწინებული იყო სტამბოლის შეთანხმებებით.
როგორც კიევში აცხადებენ, ახლა საგამოძიებო ორგანოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ჩაატარებენ საჭირო ექსპერტიზას, რათა მოხდეს ცხედრების იდენტიფიცირება.
ამასთან, მოსკოვში დაადასტურეს, რომ უკრაინისგან მიიღეს 78 ცხედარი. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მზად არიან, უკრაინულ მხარეს გადასცენ კიდევ 2 239 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი.
ცნობისთვის, სტამბოლში 2 ივნისს გამართული მოლაპარაკებების შედეგად რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან მძიმედ დაჭრილ სამხედროებს და 25 წლამდე ასაკის მძევლებს, ასევე მხარეებმა განაცხადეს მზაობა, ერთმანეთს გადასცენ ომში დაღუპულთა 6000-6000 ცხედარი.