დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა, მათ საჭიროებებსა და მოსაზრებებს გაეცნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.
ადგილობრივებთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უცვლელ პრიორიტეტად მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერება და თითოეული ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნა რჩება. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკურად ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც ახალგაზრდებს მშობლიურ მუნიციპალიტეტში დაბრუნების სტიმულს მისცემს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
პროექტის დასრულების შემდეგ ლოდიძირის იალაღებზე ელექტრომომარაგება სტაბილური და უსაფრთხო გახდება, რაც მემთეურთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მთის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.