სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - გამოძიება ახალ ინფორმაციას ავრცელებს

შსს

შინაგან  საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით  უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც  მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.