1787987049
„3 წლის ძმა ხელში აიყვანა და გაიქცა…“ - 13 წლის გოგონამ ნეპალში წყალდიდობის დროს პატარა ძმა გადაარჩინა
ნეპალში მომხდარმა დამანგრეველმა წყალდიდობამ არაერთი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. სტიქიის ფონზე კი განსაკუთრებით მძიმე და ამავდროულად იმედის მომცემი ისტორიები ვრცელდება. მათ შორისაა 13 წლის სონიკა ნაგარკოტის ამბავი, რომელმაც საფრთხის დროს სამი წლის უმცროს ძმას ხელი ჩასჭიდა და გაქცევა შეძლო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
26 აგვისტოს სონიკა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. იმ დღეს გოგონა სკოლაში არ წასულა და სახლში ცხრა წლის დასთან და სამ წლის ძმასთან, სეჯანთან, ერთად დარჩა.
ოჯახის წევრები უფროსი ვაჟის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებულ რიტუალს ატარებდნენ, როდესაც მათთან მივიდა ადამიანი და გააფრთხილა, რომ წყალდიდობა იყო და სასწრაფოდ უნდა გაქცეულიყვნენ.
სონიკას დედამ სამი წლის ბიჭი ჩააბარა და უთხრა, რომ მასთან ერთად გაქცეულიყო. გოგონამ ძმა ხელში აიყვანა და ფერდობისკენ გაიქცა.
„ძმასთან ერთად ფერდობზე ავირბინე. როცა უკან მოვიხედე, ჩემი სახლი უკვე წაღებული იყო“, - იხსენებს 13 წლის სონიკა.

გოგონასთვის ყველაზე საშიში მხოლოდ წყალი არ ყოფილა. გაქცევის დროს იგი ოჯახის წევრებს დაშორდა და არ იცოდა, გადარჩნენ თუ არა მისი მშობლები.
სონიკა ძმასთან ერთად ტყეში აგრძელებდა გზას, მაშინ როცა გარშემო ადამიანები სხვებს მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება მაღალ ადგილზე ასულიყვნენ.
„არ ვიცოდი, სად ვიყავი და არც ის ვიცოდი, სად იყვნენ ჩემი მშობლები. ტელეფონით მათთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი“, - ამბობს გოგონა.
13 წლის ბავშვისთვის ეს მომენტი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ის თავადაც საფრთხეში იყო, თუმცა ამავდროულად სამი წლის ძმაზე ზრუნავდა და ცდილობდა, ბავშვი უსაფრთხო ადგილამდე მიეყვანა.
ამ დროს სონიკას მშობლებიც შვილებს ეძებდნენ.
ოჯახის წევრები საბოლოოდ ერთმანეთს დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეხვდნენ. ბავშვები გადარჩნენ, თუმცა მათი სახლი, სადაც ოჯახის რამდენიმე თაობას ჰქონდა გატარებული ცხოვრება, სტიქიამ მთლიანად გაანადგურა.
ახლა სონიკას ოჯახს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ აქვს. ისინი სხვა დაზარალებულ ოჯახებთან ერთად მაღლობზე მდებარე სკოლაში აფარებენ თავს.
„მხოლოდ ის ტანსაცმელი გვაქვს, რაც ტანზე გვაცვია“, - ამბობს სონიკას დედა.
სონიკა მეშვიდე კლასში სწავლობს და ახლა მისი კიდევ ერთი საზრუნავი სკოლაში დაბრუნებაა. კატასტროფამ არა მხოლოდ სახლი, არამედ მისი ჩვეულებრივი ცხოვრებაც.
29 აგვისტოს მდგომარეობით ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 626-ს შეადგენს, ხოლო ათასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.










