1795365681
თმის მოვლის 3 იაპონური წესი ჯანსაღი და მბზინავი თმისთვის
იაპონელი ქალების გლუვი, მბზინავი და მოვლილი თმა დიდი ხანია აღფრთოვანებას იწვევს. რა თქმა უნდა, ამაში გენეტიკა არცთუ უკანასკნელ როლს თამაშობს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ჩვევები, რომლებსაც იაპონიაში ქალები ყოველდღიური მოვლისას იცავენ.
როგორც თმის მოვლაზე სპეციალიზებული Studio 25-ის დამფუძნებელმა, მარია რობერტსმა Vogue-ს განუცხადა, იაპონელი ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას არა იმდენად თმის სიგრძეს, რამდენადაც თავის კანის სიჯანსაღეს უთმობენ.
აი, თმის იაპონურად მოვლის სამი მთავარი წესი, რომელიც ექსპერტმა დაასახელა:
მასაჟი თავის დაბანის დროს;
იაპონური მოვლის ერთ-ერთი თავისებურება ერთდროულად ორი სილიკონის მასაჟორის გამოყენებაა. მათ თავის ორივე მხარეს ათავსებენ და თმის დაბანისას იყენებენ. ეს მეთოდი კანის დაბინძურებისგან უფრო საფუძვლიანად გასუფთავებასა და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას უწყობს ხელს.
რობერტსი გვირჩევს, მასაჟი კეფის ნაწილიდან დავიწყოთ და თანდათან თხემისკენ გადავინაცვლოთ. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ, რადგან ამ ზონაში დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებაა თავმოყრილი. ექსპერტი აღნიშნავს, რომ რეგულარული მასაჟი არა მხოლოდ თმის ზრდის სტიმულირებას უწყობს ხელს, არამედ თავის კანის დაძაბულობის მოხსნაშიც გვეხმარება.
ზეთები დაბანამდე და დაბანის შემდეგ;
იაპონური სილამაზის რიტუალების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სპეციალური ზეთების გამოყენებაა. ისინი თავის კანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს და თმის სისუფთავის შეგრძნებას ახანგრძლივებს.
ამასთან, ასეთი საშუალებების წასმა შესაძლებელია როგორც შამპუნით დაბანამდე, ისე მის შემდეგ. მაგალითად, იაპონელი გეიშები ტრადიციულად კამელიის ზეთს იყენებდნენ: მისი დახმარებით თმას ბზინვარებას სძენდნენ და დავარცხნას აადვილებდნენ. მკვებავი თვისებების წყალობით, ეს ზეთი თმას მტვრევადობისგანაც იცავს.
ფრთხილი გაშრობა ხახუნის გარეშე;
არანაკლებ ყურადღებას უთმობენ იაპონელი ქალები იმას, თუ როგორ იშრობენ თმას. რობერტსის თქმით, მთავარი წესი პირსახოცით ინტენსიური სრესის თავიდან აცილებაა. მსგავსმა ზემოქმედებამ შესაძლოა თმის კუტიკულა დააზიანოს, რის გამოც ღერები აფუებას იწყებს და სიგლუვეს კარგავს.
თავდაპირველად იაპონელი ქალები ზედმეტ სინოტივეს კარგად შემწოვი მიკროფიბრის პირსახოცებით ფრთხილად იშორებენ. ჩვეული სრესის ნაცვლად, ისინი თმას მსუბუქად იმშრალებენ ან ამისთვის რბილ ბამბის ნაჭერს იყენებენ. აზიურ კოსმეტიკაზე სპეციალიზებულ კომპანია ამ მიდგომის კიდევ ერთ თავისებურებაზე ამახვილებენ ყურადღებას: ფენის გამოყენებამდე იაპონელი ქალები ცდილობენ, სინოტივის 70%-მდე მოიშორონ. ეს ცხელი ჰაერის ზემოქმედების დროის შემცირებისა და მაღალი ტემპერატურით თმის დაზიანების რისკის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა.










