1795290000
სკანდალი სტრასბურგის სასამართლოში - ადვოკატმა პროცესზე ხელოვნური ინტელექტის მოგონილი პრეცედენტები წარადგინა
ხელოვნური ინტელექტის მიერ „გამოგონილი“ პრეცედენტების გამო, სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატს საქმიანობა 2 წლით აუკრძალა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუმინელ ადვოკატს სასამართლოში მხარეების წარმომადგენლობა და ნებისმიერი სახის სამართლებრივი დახმარების გაწევა 2 წლის ვადით აუკრძალა. ამის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით მომზადებულ წერილობით მოსაზრებებში დაშვებული უხეში შეცდომები გახდა.
2026 წლის 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ადვოკატის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში აღმოჩნდა მრავალი ფაქტობრივი და სამართლებრივი ხარვეზი. კერძოდ, იურისტი თავისი პოზიციის გასამყარებლად უთითებდა:
არარსებულ საქმეებს, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოს რეალურად არასდროს უმსჯელია;
გადაწყვეტილებების ისეთ პარაგრაფებს, რომლებიც დოკუმენტებში საერთოდ არ იძებნებოდა;
სასამართლო პრაქტიკას, რომელიც განსახილველ საქმესთან კავშირში არ იყო ან პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა თავად ადვოკატის არგუმენტებს.
თავად ადვოკატმა აღიარა, რომ ტექსტის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, თუმცა გამოვლენილ ხარვეზებს მხოლოდ „უზუსტობები“ და „ციტირების შეცდომები“ უწოდა.
სასამართლოს პალატამ ეს ახსნა-განმარტება არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ საქმე გვქონდა არა ტექნიკურ წუნთან, არამედ პროფესიული მოვალეობის უხეშ დარღვევასთან. სასამართლოს შეფასებით, ადვოკატს AI-ის მიერ გენერირებული მასალა საერთოდ არ გადაუმოწმებია, მაშინ როცა ამ შეცდომების აღმოჩენა სასამართლოს ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში (HUDOC) ზედაპირული ძიებითაც კი მარტივად იყო შესაძლებელი.
პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვოკატის ქმედებამ ზიანი მიაყენა მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგან სასამართლოს მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დაეხარჯა ყალბი მითითებების გადამოწმებასა და სპეციალური პროცედურების წარმოებაზე, რაც არ შედის კონვენციით გათვალისწინებულ მის ძირითად ფუნქციებში.
სასამართლოს რეგლამენტის 44D წესის საფუძველზე, რუმინელ ადვოკატს ორწლიანი აკრძალვა დაუწესდა, თუმცა, დასაბუთებული მოთხოვნისა და შესაბამისი პროცედურის გავლის შემთხვევაში, სასამართლოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მას სტატუსი ვადამდე აღუდგინოს.
შენიშვნა: აკრძალვა შეეხო საქმეში მონაწილე ორი ადვოკატიდან მხოლოდ ერთს. გადაწყვეტილების შესახებ უკვე ეცნობათ როგორც თავად ადვოკატსა და მომჩივნებს, ისე რუმინეთის მთავრობასა და რუმინეთის ადვოკატთა ეროვნულ გაერთიანებას.











