ვინ უნდა იყოს პირველი სტუმარი ახალ წელს სახლში და რატომ მიიჩნევა მეკვლე განსაკუთრებულ ადამიანად
1795464244
ხშირად უფროსი თაობის ნათესავებისგან დიდი საოჯახო ბიბლიოთეკები გვრჩება, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ეგზემპლარი არ წარმოადგენს ღირებულებას შთამომავლებისთვის. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, წიგნები თავიდან სწრაფად მოიშოროს და ისინი სანაგვეზე გააქვს. გიამბობთ, რატომ არ ღირს ასე მოქცევა და სად შეიძლება წავიღოთ ის, რაც აღარ გვჭირდება.
სად შეიძლება ჩავაბაროთ ძველი, არასაჭირო წიგნები?
სანამ გაარკვევთ, სად წაიღოთ წიგნები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, ეცადეთ, ეგზემპლარები გულდასმით გადაარჩიოთ. შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში არსებული ყველა წიგნი სამ ჯგუფად დაყოთ:
საოჯახო სამახსოვრო წიგნები;
ძლიერ დაზიანებული;
გასაჩუქებლად ან გასაყიდად ვარგისი.
იმ წიგნებს შორის, რომლებსაც უსარგებლო ნივთებად მიიჩნევთ, შესაძლოა მართლაც ღირებული ეგზემპლარები აღმოჩნდეს, იშვიათი ან საკოლექციო გამოცემები, მცირეტირაჟიანი ნაშრომები, ძალიან ცნობილი ნაწარმოებების ადრეული გამოცემები, რევოლუციამდელი წიგნები, ეგზემპლარები ავტორების ავტოგრაფებით ან ის წიგნები, რომლებიც თქვენს ნათესავებს აჩუქეს, მათში შესაძლოა სამახსოვრო წარწერები და სურვილები ინახებოდეს. დაგვეთანხმებით, ასეთი ეგზემპლარების გადაყრა არ ღირს - შეგიძლიათ სცადოთ მათი გაყიდვა ან სამახსოვროდ დაიტოვოთ. წიგნების, რომელთა თავიდან მოშორებასაც გადაწყვეტთ, „დაბინავება“ სხვადასხვა გზით შეიძლება.
გაყიდვა.
ზოგიერთი გამოცემა კოლექციონერებს ძალიან აინტერესებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თავისთავად წიგნის ასაკი მყიდველის ძიებისას ამოსავალი წერტილი ვერ იქნება. ბევრი გამოცემა მრავალმილიონიანი ტირაჟით იბეჭდებოდა და თავისთავად ღირებულებას არ წარმოადგენს. გაყიდვამდე გამოიყენეთ ინტერნეტი და ნახეთ, რამდენად იშვიათი და ძვირფასი წიგნი გიჭირავთ ხელში, ასევე ყურადღება მიაქციეთ მის მდგომარეობას, ტირაჟსა და გამოცემის წელს.
გარდა ამისა, თუ საქმე ეხება, მაგალითად, თხზულებათა კრებულს, მხედველობაში იქონიეთ - ყველა ტომის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვის შანსებს, რომელიმე მათგანის არქონა კი, პირიქით, ამცირებს. მყიდველების სწრაფად საპოვნელად შეგიძლიათ განცხადებები ონლაინ სავაჭრო პლატფორმებსა და ქალაქის თემატურ ჯგუფებში განათავსოთ.
ბუკინისტები და თემატური ჯგუფები.
ბევრ ქალაქში არსებობს ინტერესთა ლოკალური ჯგუფები და ბუკინისტური მაღაზიები, სადაც წიგნების უფასოდ მიტანაა შესაძლებელი. მათი პოვნა სოციალურ ქსელებშიც კი არ არის რთული, იქ ადამიანები ხშირად ცვლიან წიგნებს, ჩუქნიან ერთმანეთს, სურვილის შემთხვევაში ყიდულობენ კიდეც. ამ ვარიანტის გამოყენებით შეძლებთ, ვიღაცის ნაშრომს მეორე სიცოცხლე აჩუქოთ.
ბიბლიოთეკა.
ბევრი ცდილობს წიგნების ბიბლიოთეკებში მიტანას, თუმცა აქ შესაძლოა პრობლემა შეიქმნას. ყველა ბიბლიოთეკას როდი სჭირდება „კიდევ ერთი თხზულებათა კრებული“, ამიტომ თანამშრომლები ასეთ საჩუქარზე უფასოდაც კი უარს ამბობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაწესებულება დაინტერესდება, მნიშვნელოვანია წინასწარ შეადგინოთ წიგნების სია, ჩაიწეროთ სათაურები, ავტორები, გამოცემის წელი და, უმჯობესია, გადაუღოთ ფოტოები, რათა თვალსაჩინოდ აჩვენოთ ეგზემპლარის მდგომარეობა.
სოციალური ორგანიზაციები.
საბავშვო წიგნები შეგიძლიათ საბავშვო ბაღს ან ბავშვთა სახლს შესთავაზოთ, თუმცა აქაც ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ბიბლიოთეკაში. უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ და მაშინვე ყუთით არ მიიტანოთ წიგნები ორგანიზაციაში, ჩაიწერეთ სათაურები, გადაიღეთ ფოტოები, პირადად მიდით საბავშვო ბაღში ან ბავშვთა სახლში, აჩვენეთ, რა გაქვთ და გაარკვიეთ, მზად არიან თუ არა ასეთი დახმარების მისაღებად.