სად დავასვენოთ ბავშვი, წლის განმავლობაში რომ "კაჟივით" იყოს - ექიმის რეკომენდაცია მშობლებს

ბავშვის დასვენება სოფელში

ექიმი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ სოფელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის დასვენების საუკეთესო ადგილია. მისი თქმით, სოფლის გარემოს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

როგორც ექიმი განმარტავს, სოფლის საკვები ნაკლებად შეიცავს სხვადასხვა დანამატსა და ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც თანამედროვე კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ სოფელში გატარებული დრო ბავშვების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ღოღობერიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სუფთა ჰაერზეც. მისი შეფასებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება და მტვერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაშინ როცა სოფლებში, განსაკუთრებით ტყის მახლობლად, გარემო გაცილებით ჯანსაღია და სასუნთქი სისტემისთვის სასარგებლო პირობებს ქმნის. ასევე, ხაზს უსვამს სუფთა წყლისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სოფლებში დაბალია ისეთი მავნე ნივთიერებების, მათ შორის ტყვიის შემცველობა, რაც ჯანმრთელობისთვის დამატებით სარგებელს ქმნის.

ექიმის თქმით, სოფელში ბავშვებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ფიზიკური აქტივობისთვის, რადგან ფართო სივრცე და ბუნებრივი გარემო მათ მოძრაობისა და თამაშისკენ უბიძგებს.