როგორ ვუმკურნალოთ ხველას და გაციებას ხალხური მეთოდით

ხველა

მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.ეს სიმპტომი ხშირად ახლავს გაციებას და ვირუსულ ინფექციებს. ცხადია, თერაპევტისა თუ პულმონოლოგის მეთვალყურეობით მკურნალობა აუცილებელია, თუმცა არატრადიციული მედიცინის რჩევების გათვალისწინებასა და შესაბამისად, ხალხური საშუალებების გამოყენებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხველისგან თავდასაღწევად.

ზოგადი რეკომენდაციები ხველის აღმოსაფხვრელად

მშრალი ხველის დროს უნდა უზრუნველყოთ ორგანიზმის სითხით მომარაგება. ამ მიზნით რეკომენდებულია თბილი ჩაის, კომპოტების, რძის, სამკურნალო მცენარეთა ნაყენებისა თუ ნახარშების დალევა. დასატკბობად შაქრის ნაცვლად უმჯობესია თაფლის გამოყენება.

კარგ ეფექტს იძლევა დინდგელის (იგივე პროპოლისის) წუწვნა, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე.

ფეხები და ყელი უმჯობესია ჩაითბუნოთ.

ოთახში ჰაერი გრილი და ტენიანი უნდა იყოს, ოპტიმალური ტემპერატურა 18-22 გრადუსია. გახსოვდეთ, გამათბობლის გავლენით გამოშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას.

სასარგებლოა ინჰალაციები. კერძოდ, ახალმოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვა ან კიდევ სოდიანი ინჰალაციის პროცედურა. ამ უკანასკნელისათვის პატარა ზომის ჯამში უნდა ჩაასხათ ადუღებული წყალი, დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და 15 წუთი ისუნთქოთ ამომავალი ორთქლი. აღნიშნულ პროცედურას ორსულებსაც კი ურჩევენ, რადგან ის არბილებს ყელის ლორწოვან გარსს, აადვილებს ბრონქებიდან ნახველის გამოდევნას. მშრალი ხველის დროს სასურველია საკვებ რაციონში ჩართოთ კარტოფილის თხელი პიურე (ცხელი რძის დამატებით), შვრიის ფაფა, ბოლოკის ზეთმოსხმული სალათი, ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად გატარებული ლიმონი, რომელსაც დამატებული ექნება თაფლი. სასარგებლოა ასევე ხახვი და ნიორი.

ხველის საწინააღმდეგო დასალევი საშუალებები

მშრალი ხველა, ჩვეულებრივ, გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების საწყის სტადიებზე ვითარდება. ხველის რეფლექსი ასეთ დროს სწრაფადვე „ირთვება“, თუმცა სასუნთქი გზები ჯერ კიდევ არ გამოყოფს სეკრეტს (ნახველს), ამიტომაც მათ დახმარება სჭირდება. ამისათვის ხალხური მედიცინა რამდენიმე საშუალებას ფლობს:

მარილიანი წყალი სოდით - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით მწიკვი მარილი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. დალიეთ ნახევარი ჭიქა უზმოზე (საუზმის წინ), მეორე ნახევარი კი სადილის წინ 20 წუთით ადრე.

კომბოსტოს წვენი - კომბოსტოს ახალგაწურულ წვენს შეურიეთ თაფლი - 1:3 პროპორციით, მიიღეთ თითო სადილის კოვზი 5-ჯერ დღეში. სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ასევე კომბოსტოს ფურცლების ნახარში თაფლით.

ნიგვზისა და დიდგულას ნაყენი - აიღეთ 4 მსხვილი კაკალი, კარგად გარეცხეთ და დაამტვრიეთ, ნაჭუჭიანად მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი დიდგულას ყვავილი, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი. ჭურჭელს დაახურეთ თავსახური და შეფუთეთ. გაციებისთანავე გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით. დალიეთ დღეში ოთხჯერ 100 მლ-ის მოცულობით. სახალხო მკურნალები გვარწმუნებენ, რომ ამ ნაყენის სამი ულუფა უმალ ათავისუფლებს ადამიანს მშრალი ხველისაგან.

სტაფილოს სიროფი - სტაფილოს ახალგაწურული წვენი შეურიეთ ტკბილ წყალს 1:1 პროპორციით (ერთ ჩაის ჭიქა წყალზე 3-4 ჩაის კოვზი შაქარი). ეს ნარევი ყლუპ-ყლუპად უნდა დალიოთ დღეში 6-ჯერ.მშრალი ხველის სამკურნალო ნაკრები - თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ჟოლოს ნაყოფი, ვირისტერფას ფოთლები და თავშავას ბალახი. აიღეთ მიღებული ნარევის ერთი სადილის კოვზი, დაასხით 200 მლ წყალი და წამოადუღეთ, შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და დალიეთ ცხელი.

ხახვი თაფლით - აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაყავით ოთხ ნაწილად, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა რძე და წამოადუღეთ. ნახარში რამდენიმე საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ.

ხველების სამკურნალო ნაკრები - შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის გამომშრალი ფოთოლი, ჟოლოს, კუნელისა და ასკილის ნაყოფი, ჩამიჩი (იგივე ქიშმიში) და წვრილად დაჭრილი ვაშლი. აიღეთ 4 სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შემოდგით ორთქლის აბაზანაზე 20 წუთით. ამის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი. გადაწურეთ, მიირთვით დღეში 4-ჯერ. მიღების წინ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით.