რატომ არ შეიძლება სითხის ატანა თვითმფრინავში

სითხე

 თუ ოდესმე აეროპორტში ბარგის შემოწმებისთვის თქვენთვის საყვარელი პარფიუმერია ან ძვირად ღირებული დამატენიანებელი ჩამოურთმევიათ იმის გამო, რომ დაშვებულზე მეტ სითხეს შეიცავდა, ალბათ, კამათი მოგივიდოდათ აეროპორტის გუნდთან, ან გულში მაინც გალანძღავდით ადამიანებს, ვინც ეს კანონი მოიფიქრეს. კანონი, რომელიც "3-3-1"-ის სახელითაა ცნობილი და რომლის მიხედვითაც 100 მლ სითხეზე მეტის ატანის უფლება არ გაქვთ თვითმფრინავის კაბინაში (არ ვგულისხმობთ შემოწმებულ, ჩასაბარებელ ბარგს), საკმაოდ ახალია და მხოლოდ 2006 წლიდანაა ძალაში.

თუმცა, იცით მიზეზი, თუ რატომ შეგიძლიათ მხოლოდ 100მლ სითხის ატანა კაბინაში?

რეგულაცია 2006 წელს შეიმუშავეს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პოლიციამ გამოააშკარავა ტერორისტების ჯგუფის შეთქმულება, რომლებსაც თვითმფრინავში დეტონირებული ფეთქებადი ნივთიერება უნდა აეტანათ სითხის სახით. ფრენები ბრიტანეთიდან აშშ-სა და კანადის მიმართულებით იგეგმებოდა. ტერორისტული აქტი, რომელიც "2006 transatlantic aircraft plot" - "2006 წლის ტრანსატლანტიკური შეთქმულების" სახელითაა ცნობილი, ბრიტანეთის პოლიციამ წინასწარ, დროულად შეაჩერა, თუმცა, დასაბამი მისცა აეროპორტებში კაბინაში ასატანი ბარგის კონტროლის გამკაცრებას.

ფიქრობენ, რომ ბრიტანელ მამაკაცს ბირმინგემიდან, სახელად აჰმედ ალის, ალ-ქაედასთან ჰქონდა კავშირი. როცა პოლიციამ მისი ბარგი გახსნა, იქ გაზიანი სასმელი, სპეციფიკური მინარევები და დიდი ოდენობის ბატარეები აღმოაჩინა, რის გამოც განგაში ატყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დამნაშავე თვითმფრინავში აპირებდა ბომბის გააქტიურებას.  მალევე ბრიტანეთის აეროპორტებში კონტროლი ისე გამკაცრდა, რომ კაბინაში ხელბარგის ატანა აიკრძალა, წიგნების, გაზეთებისა და შუშის ნივთების ჩათვლით. მალე აკრძალეს თვითმფრინავში სითხის ატანაც. გამონაკლისია ბავშვის საჭმელი, რომელიც, პირველ რიგში, მგზავრმა თავად უნდა დააგემოვნოს, რათა დამტკიცდეს, რომ უსაფრთხოა.

თავიდან, ყველანაირი სითხის ატანა აკრძალული იყო კაბინაში. მოგვიანებით კი კანონმა მგზავრებს საშუალება მისცა, 100 მლ-მდე სითხე ჰქონოდათ თან. ასევე, მოითხოვება გელების, აეროზოლებისა და მსგავსი ნივთების ერთად მოთავსება პატარა, ელვაშესაკრავიან გამჭვირვალე პაკეტში.