რატომ არ შეიძლება სახლში სტვენა - მიზეზი არა მხოლოდ ხალხურ რწმენაშია

სტვენა

ბავშვობაში ბევრს მშობლები ან ბებია-ბაბუები სახლში სტვენას უკრძალავდნენ, თუმცა ამ აკრძალვის მიზეზს ყველას როდი უხსნიდნენ. საიდან გაჩნდა ეს ცრურწმენა, გამოცემა kobieta.interia.pl განმარტავს.

მიიჩნეოდა, რომ სტვენა სახლიდან სიმშვიდეს, ბედნიერებასა და დოვლათს „აფრთხობდა“ და სანაცვლოდ მხოლოდ სიღარიბესა და უბედურებას ტოვებდა.

შესაძლოა, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ სტვენის ხმა ცარიელ ოთახში ქარის ზუზუნთან, სიღატაკის სიმბოლოსთან ასოცირდებოდა. თუმცა, ხშირად მიზეზი ბევრად უფრო პროზაული იყო: მკვეთრი, გამჭოლი ხმები გარშემომყოფებს უბრალოდ აღიზიანებდა. 

ამ აკრძალვას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა, რომლის ფესვებიც სლავურ რწმენებში მიდის.

ფოლკლორის თანახმად, სახლებში მფარველი სული (სახლის სული) ბინადრობდა. ეს არსება წარმოდგენილი იყო დაბალი მოხუცის სახით, რომელიც ოჯახის მეურნეობას იცავდა და ყოველდღიურ საქმეებში ეხმარებოდა. ითვლებოდა, რომ სახლის სული შეიძლებოდა სახლის მცხოვრებლებზე განაწყენებულიყო; კერძოდ, სტვენა სწორედ ის მოქმედება იყო, რასაც სულის წყობიდან გამოყვანა შეეძლო. მსგავსი მკვეთრი, უსიამოვნო ხმების გაგონებისას სული საცხოვრებლის მეთვალყურეობას წყვეტდა, რის გამოც სახლში შეიძლებოდა ბოროტი ძალა შეჭრილიყო და თან ქაოსი და დაავადებები მოეტანა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცრურწმენები აზიურ კულტურებშიც გვხვდება. ადგილობრივი ფოლკლორის მიხედვით, შენობაში სტვენამ — განსაკუთრებით დაღამების შემდეგ — შეიძლება ბოროტი ზებუნებრივი არსებები და მოხეტიალე სულები მიიზიდოს. ანალოგიური ვითარებაა არაბულ ქვეყნებშიც (მაგალითად, ეგვიპტესა და საუდის არაბეთში) — იქ ღამის საათებში სტვენა ჯინების გამოხმობას უთანაბრდება.

✕