1789208857
რამდენჯერ შეიძლება გავიმშრალოთ ერთი პირსახოცით - პასუხი გაგაოცებთ
როდესაც საღამოს, აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, ხელში პირსახოცს იღებთ, დაფიქრდეთ, ხომ არ კიდია ის აქ უკვე საკმაოდ დიდხანს. ბოლოს და ბოლოს, სხეულის გამშრალება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბანაობის მთელი რიტუალი, წერს Rmf24.
შეიძლება იფიქროთ, რომ პირსახოცი დიდხანს არ კიდია, თანაც მასზე მხოლოდ ხელები გამშრალეთ, რომლებიც ისედაც სუფთა იყო, ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი მისი ახალი პირსახოცით შეცვლა.
„თუმცა, ტენი ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა. ქსოვილები შეიწოვენ წყალს და რჩებიან სველი, ხოლო სააბაზანო ოთახში არსებული პირობები ხელს არ უწყობს მათ გაშრობას. ერთი და იგივე პირსახოცის, გარეცხვის გარეშე გამოყენება მაქსიმუმ სამჯერ შეიძლება“, - ვკითხულობთ სტატიაში.
დაბანის დროს ჩვენ ვიშორებთ ჭუჭყსა და კანის მკვდარ უჯრედებს, თუმცა მათი ნაწილი გამშრალებისას პირსახოცზე ხვდება, რაც უკვე აღარ არის ჰიგიენური. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ მიკროორგანიზმების გამრავლება, პირსახოცი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაშრეს. ყოველდღიური ჰიგიენის დროს ეს კვირაში სულ მცირე ორჯერ მისი გარეცხვის აუცილებლობას ნიშნავს.
„თუ სახლში ვირუსული ინფექციაა, ან ვინმეს კანის დაავადება აქვს ან აუზზე დავდივართ, პირსახოცი ყოველდღე სუფთა უნდა იყოს“, — ნათქვამია მასალაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი პირსახოცების რეგულარულად გარეცხვა?
როდესაც პირსახოცი განმეორებით გამოიყენება, ვირუსები, სოკოები და ბაქტერიები გავრცელების დამატებით გზას იღებენ. ამის მაგალითად ოქროსფერი სტაფილოკოკი გამოდგება - აღნიშნეს ავტორებმა. მათი თქმით, გაურეცხავი ქსოვილი ასევე აღიზიანებს კანს, რომელიც ბევრად ჯანსაღი იქნება, თუ ჰიგიენას დაიცავთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სტატიაში განსაკუთრებით აღნიშნეს , არის ის, რომ ყველას საკუთარი პირსახოცი უნდა ჰქონდეს და მისი გაზიარება ან თხოვება არ არის რეკომენდებული.
„სარეცხ მანქანაში ჩაყრამდე პირსახოცი უნდა გაშრეს. თუ ბარაბანში ძალიან ბევრი პირსახოცი იქნება, გარეცხვის შემდეგ ისინი საკმარისად სუფთა ვერ იქნება. ასევე, სველი პირსახოცი არ უნდა ჩააგდოთ ჭუჭყიანი სარეცხის კალათაში“, - განმარტეს ავტორებმა.
რაც შეეხება სამზარეულოს პირსახოცებს, მათ გარეცხვიდან ორ დღეში ისევ ცუდი სუნი ასდით. არსებობს სამზარეულოს პირსახოცების გარეცხვის მარტივი ხერხი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ: ისინი ჯერ უნდა დაალბოთ და პირდაპირ სარეცხ მანქანაში არ ჩააგდოთ. დასველების შემდეგ გარეცხვა 60–90 გრადუსზეა საჭირო - მაღალი ტემპერატურა ბოჭკოებში ბაქტერიებს კლავს.












