ტელეფონში რაღაცას აჩვენებდა და იცინოდა თახთახით.   პერიოდულად, უტეხად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორებდა თვალს - ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესზე მომხდარს იხსენებს

ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მოკლული არასრულწლოვნის დედას მიმართავს.

„დავით ნარიმანიძის დედიკოვ, გულში გიკრავთ გიგა ავალიანის დედიკო.....
უფლება არ გაქვთ სასოწარკვეთილებამ დაგაოსოთ!
თქვენი ბედნიერი დედაშვილობა ვალდებულებად იქცა და პირნათლად უნდა შეასრულოთ!“.

ეკა კუპატაძემ ასევე დეტალურად გაიხსენა ბოლო სასამართლო პროცესზე მომხდარი.

„წუხელ ფორმულას ეთერში, ქალბატონ ნინო ჟიჟილაშვილთან, ვისაუბრე ხმაურიანი დღის ირგვლივ, მაგრამ პოსტშიც დავწერ ორი სიტყვით. მადლობებით უნდა დავიწყო:
  მადლობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურს, ჩემი ოჯახის უსაფრთხოების და მართლწესრიგის უმაღლეს დონეზე დაცვისთვის!
  მადლობა ოპერატორ-ჟურნალისტებს, რომლებმაც წამებში დადეს კამერა-მიკროფონები და ნიკას და-ძმებივით დაუდგნენ გვერდით!
  მადლობა ჩემს ჭკვიან, ერთგულ და გაწონასწორებულ ადვოკატს, დარეჯან სულაშვილს!
 მადლობა საზოგადოებას, საოცარი ერთგულებისთვის!

და ბოლოს, სამყაროსხელა მადლობა პროკურორ, ქალბატონ ქეთი სონიძეს, რომელმაც ჯერ თავისი ზეპროფესიონალიზმი სასამართლოზე აჩვენა და მერე, მანამ იყო ჩემთან ერთად, ვიდრე დამშვიდებული, დაწყნარებული არ ჩავჯექით მანქანაში!

ნეტავ შემეძლოს იმის გადმოცემა, რამხელაა ქალბატონი ქეთი სონიძე!  

ბოდიშსაც გიხდით:
  ბოდიში, ვინც სასამართლოს შემდეგ განერვიულეთ.
(მეც არ მინდოდა მკვლელებს დაუძლურებული დავენახე.)
  ბოდიში ჩემს ძევრელებს და ჩემს გიგუნას, რომ "გიგა ავალიანის" თასის გათამაშებაზე, შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ჩავედი, თუმცა იყო ჩემი ძამიკო თავისი მეუღლით და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი.

ახლა კი სხვა მნიშვნელოვანი დეტალები:
  ნია იმნაძის ადვოკატმა პროვოკაცია დაიწყო დილიდან.
 როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს ვაძლევდი, ის და მისი თანმხლები — სათვალიანი ქალი, წონასწორობიდან გამოყვანის მიზნით, დემონსტრაციულად დამიდგნენ წინ.
  როგორც გაირკვა, ეს სათვალიანი ქალი იყო ადვოკატი ნინო ლეკიაშვილი. 
  სასამართლო პროცესზე, გიორგი ლეკიშვილი უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ჩემზე ემოციურ ზეგავლენას.
  ტრიალდებოდა უკან, ნიაკოსკენ, ყურში ეჩურჩულებოდა, ტელეფონში რაღაცას აჩვენებდა და იცინოდა თახთახით.
  პერიოდულად, უტეხად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორებდა თვალს.
  მოსამართლის, პროკურორის და ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატების საუბრისას, ისტერიულად და ხანგრძლივად, ისე იცინოდა, რომ ტორტმანებდა სკამზე.
  რა თქმა უნდა, გამტეხა ამ ყველაფერმა, ლამის გული ამომივარდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მანდატურებს და რამდენჯერმე შემომთავაზეს დახმარება.
  სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დარბაზში შემოვიდა მანდატური და მოითხოვა ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის ტელეფონის შემოწმება, რადგან შეამჩნიეს, რომ ლეკიშვილი ლაივში, გარეშე პირს ან პირთა ჯგუფს გადასცემდა სასამართლო პროცესს.
დროებით შეაჩერეს პროცესი, მანდატურმა მოსთხოვა ლეკიშვილს ტელეფონი მიეწოდებინა. ლეკიშვილმა ტელეფონი არ გადასცა.
მოსამართლემ ღიმილით აღნიშნა, რომ ლეკიშვილის წესიერებას ეჭვქვეშ არ აყენებდა და არც კი გადაამოწმა სავარაუდო დანაშაული.

 

ეთერითაც მივმართე მოსამართლე დავით კურტანიძეს:
— იყურეთ სასამართლო პროცესის ჩანაწერი და ნახეთ, რა ხდებოდა თქვენს სასამართლო პროცესზე.
და რასაც ნახავთ, ეგ ნორმაა???
მაშინ თქვენი ადგილი მანტიით მაგ დარბაზში არაა.
მოსამართლის მანტია უფრო უზენაესია, ვიდრე კანონთა ცოდნა.
  დიახ, მე მესმის რომ რთულია მართო სასამართლო პროცესი, როცა მკვლელები და მოკლულის ოჯახის წევრები არიან სასამართლოს დარბაზში, მაგრამ აქ ადვოკატის არაადეკვატური ქცევის და კანონდარღვევის ფაქტზე ვსაუბრობ.
უნდა აღვნიშნო, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი და დემეტრე ჯინჯოლია პროცესზე იცავდნენ ორივე მხარის უფლებებს.
კასრაძე-სულაბერიძის პროცესზე, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც თანაბრად იცავდა მხარეთა უფლებებს.
  გუშინწინდელი სასამართლო პროცესი იყო ცინიზმის ზეიმი.
  სასამართლო დარბაზში ნიაკოს წარმომადგენელი იყო ბებია, მამის დედა — ლილი სარჯველაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ ვერაფერს ვერ იგებდა იქ რა ხდებოდა;
უბრალოდ მათ როლები ჰქონდათ გადანაწილებული.
იმნაძის "ოჯახს", უნდოდა გამოეწვია პროვოკაცია და შეიარაღებულები იყვნენ გადამღები მოწყობილობებით.
პროვოკატორად ასაკოვანი ბებია არ გამოდგებოდა და შემოაგდეს დარბაზში.
დერეფანში რამდენჯერმე ხმამაღლაც დაიძახეს ჩემი გვარი, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ვერ გამოიყვანეს მდგომარეობიდან ჩემი გაწონასწორებული ოჯახი და ამასთან, მანდატურები ზრუნავდნენ, რომ ჩემს ოჯახს ვერ მოახლოებოდნენ.
  ეზოს მომენტსაც ვიტყვი ორი სიტყვით
ჭიშკრამდე მოგვაცილა მანდატურების ჯგუფმა, მე მათ მადლობას ვუხდიდი და ვთხოვდი უკან გაბრუნებას, რადგან მეგონა წასული იყო იმნაძის ბანდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცივილურად დავუთმეთ გზა, სასამართლოს შენობიდან გამოვედით მათი გასვლიდან ალბათ ნახევარ საათზე მეტი ხნის შემდეგ, ისინი თურმე გველოდებოდნენ სასამართლოს ეზოში, ღობესთან — ჭიშკრის მიმდებარედ, ვინაიდან იცოდნენ, რომ ჭიშკართან იყვნენ ჟურნალისტები ჩართული კამერებით, თუმცა არ ენდნენ მათ და ის ადვოკატი — ნინო ლეკიაშვილი, გვიღებდა თავისი სათვალით.
მათი გეგმა იყო ისევ პროვოკაცია, სავარაუდოდ უნდოდათ ნიკას მდგომარეობიდან გამოყვანა და ამის გადაღება.
აქაც შეცდნენ, ჩვენ მანდატურის სამსახურმა გაძლიერებული დაცვით გამოგვიყვანა ეზოდან და ვერ გაბედეს რეპლიკები, უბრალოდ სათვალიანმა "ტიპშამ" მოგვაძახა, რომ გვიღებდა.
გიორგი ლეკიშვილის შეურაცხადობას მიანიშნებს ისიც, რომ უნდოდა ნია იმნაძის სახელის და გვარის გამოცვლა, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა და ა.შ. სხვა უთვალავი ფაქტი.
იცის, რომ "ნიაკოს" დანაშაული მყარი მტკიცებულებებით დასტურდება საქმის მასალებში და კანონის უზენაესობას ვერ გაექცევა. ამიტომ ცდილობს მანიპულირებას.
თავად მზერის გაშტერების მეტი არაფერი შეუძლია, ეს "ვალე"-ც (ვალერიან იმნაძე) იმდენად უსუსურია, რომ სპექტაკლებში როლები ვერ მოირგო, ვერც "თაკო"-ს (თამარ ნავროზაშვილს) გამოუსწორა ბილწი ლექსიკონი და დაუხვეწა ქაჯის მანერები.
დარჩა ერთადერთი გზა — მანჭვა-გრეხით ჩვენი გამოყვანა წონასწორობიდან.

და ბოლოს, ხომ გაინტერესებთ რის დაუშვებლობაზე იდავეს ადვოკატებმა?გეტყვით ორი სიტყვით; ამ 40 ტომიან საქმეში ჰქონდათ 2 დაუშვებლობა:  I ლეკიშვილს :— ვალერიან იმნაძის და თამარ ნავროზაშვილის სახლში რომ მოსასმენები დააყენეთ, იმ სახლში 13 წლის არასრულწლოვანიც ცხოვრობდა და ვინმე სტუმარიც შევიდოდა ერთი თვის მანძილზე, დაირღვა მათი უფლებები, ამიტომ იმნაძის სახლიდან ამოღებული ფარული ჩანაწერები, როგორც მტკიცებულება, არ დაუშვათო!  ის და მისი თანმხლები ადვოკატი კი, 6 საათის განმავლობაში ახორციელებდა ფარულ ჩაწერას სასამართლოს დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას, დერეფანში, ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.  II ანასტასია ბერუაშვილის დაცვის მხარეს :— რიკაძის ტელეფონი რომ დაილუქა, ლუქის დანომვრის პროცედურა დახარვეზებულია, ამიტომ რიკაძის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულებები დაუშვებელი მტკიცებულებააო.  რიკაძე არის ბერუაშვილის შეყვარებული და .....ნუ გეშინიათ ბერუაშვილებო, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი ინტუმური მესიჯობანა.თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რა დღეშია თქვენი არასრულწლოვანი და რეზი გოგოლაძესაც წააკითხეთ.  მოსამართლემ, რა თქმა უნდა, არ გაიზიარა ამ მტკიცებულებების დაუშვებლობა და დასაშვებად ცნო.  ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის დაცვის მხარე, დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეწყვეტილიყო სასამართლო დავა და საქმე არ გადასულიყო არსებითი განხილვის ეტაპზე.  მაგრამ მოსამართლემ, რა თქმა უნდა, არც ეს დააკმაყოფილა და დაასაბუთა, თუ რატომ უნდა გადასულიყო საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე, ხოლო იმნაძე და ბერუაშვილი პატიმრობაში დატოვა, თუმცა ბერუაშვილის ადვოკატი ითხოვდა 10 000 ლარის ან დამატებით უძრავი ქონების დატვირთვით გამოეშვათ გირაოთი, ხოლო იმნაძის ადვოკატი ითხოვდა, დაუყონებლივ, სასამართლო დარბაზიდან გამოეშვათ უდანაშაულო "ნიაკო".  მომდევნო სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 22 სექტემბერს.“ - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.