რა უნდა გავაკეთოთ, რომ სესხის გადაუხდელობის გამო ქონება არ დავკარგოთ

bina

იმისათვის, რომ ადამიანმა ქონება არ დაკარგოს, აუცილებელია, კლიენტსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის მოხდეს შეთანხმება და სესხის რესტრუქტურიზაცია.

„კრედიტ-ინფო საქართველოში“ - მსესხებლის შესახებ ისტორიის გადამოწმება ყველა საფინანსო ინსტიტუტისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. შესაბამისად, თუ ბაზაში კლიენტზე " არის ნეგატიური“ ჩანაწერი არსებობს, ის სესხით სარგებლობას ფაქტობრივად, ვეღარ შეძლებს.

CCCredit-ის გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძე აცხადებს, რომ  თუ პირს სურს, რომ სესხით მომავალშიც ისარგებლოს, სტატუსი „არის ნეგატიური“ „იყო ნეგატიურით“ უნდა შეცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოვალემ ვალდებულება ან სრულად უნდა დაფაროს, ან ნაწილობრივ.

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ბანკთან ურთიერთობისას და ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული პრობლემა რა არის? - ამ თემაზე ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საუბრობს.

- ანუ სესხზე ვსაუბრობთ - სესხიც მინდა ორ ნაწილად გავყოთ - ბანკი და მევახშე. მევახშე კერძო გამსესხებელია. ძველი განმარტებით, მევახშეს სარგებლის სახით არამხოლოდ პროცენტი უნდა, არამედ ჩვენი ქონება. მევახშის ინსტიტუტი ასწლეულებს ითვლის, უფრო საფრთხის შემცველად ეს ჯგუფი მესახება, რომელიც კაბალურ პირობებში და წინასწარი განზრახვით, ქონებას დაეუფლონ, ხელშეკრულებებს აფორმებენ. მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა, მევახშეებმა ახალი გზა მოიფიქრეს - ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით აფორმებენ, ანუ ფულის სანაცვლოდ თითქოს ეს ადამიანები ქონებას ყიდულობენ და გამოსასყიდად 3-თვიან ვადას აძლევენ. ეს ვადა თუ გავა, ეს ქონება ფაქტობრივად, დავკარგეთ და გამოსახლების პროცესი იწყება. სამართლებრივი გზები არსებობს, თუ რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, რადგან ეს თვალთმაქცური გარიგებაა და ასეთ მსესხებელს შეუძლია სასამართლო წესით ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვოს და რეალური სესხისა და იპოთეკის დადგენა მოითხოვოს, ამ დროს მევახშე ზარალდება, მინიმუმ 4-5 წელი, თანხას ვერ ამოიღებს.

რაც შეეხება ბანკს, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებია ამოქმედებული. არაერთი რეგულაციაა, რომელიც ბანკებმა უნდა დაიცვან, ეს ეხება, როგორც სესხის ნაწილს, ასევე შემდეგ კომუნიკაციას. პროცენტი მაღალია, თუ დაბალია - ეს არის და რას ვიზამთ. განვითარებულ ქვეყნებში, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია, თუმცა ბანკი რატომ ართულებს ხშირად სიტუაციას? მის ინტერესშიც იგივე შედის, თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე ამოიღოს ფული, ან ქონება. მაგალითისთვის, მქონდა შემთხვევა, როცა თანხის გადაუხდელობის დროს, ერთ-ერთი წამყვანი ბანკი სასამართლოს გარეშე, კერძო სპეციალისტის მეშვეობით, ქონების აუქციონის გზით გაყიდვას ცდილობდა. ანუ ვალდებულება თუ დაარღვიე, რამდენიმე თვეში, ქონება შენი აღარ არის. მევახშე გიტევს, ბანკი გიტევს, ბანკმა მაინც უნდა დაიცვას მომხმარებლის უფლებები და ინტერესი?! რა უნდა გავაკეთოთ? მთავარია, ხელშეკრულება, თუკი სესხის გამოტანის დროს, ბანკს მასში ცვლილებებს შევატანინებთ. მესმის, ბანკი შესაძლოა, ასე მარტივად არ წამოვიდეს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შეცვლაზე, თუმცა, მათ ინტერესიც შედის, თანხა გასცენ. პირველი რჩევა ასეთია, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს სპეციალისტის მეშვეობით ჩვენი ქონების გაყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მეორე რჩევაა, ჩვენ დავის განმხილველ ორგანოდ სასამართლო ავირჩიოთ და არა არბიტრაჟი, რადგან მათი გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მესამე, ვეცადოთ, ხელშეკრულებიდან ამოვიღოთ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ანუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების პირდაპირ აღსრულებას.

- პირის გარდაცვალების შემდეგ, უნდა დაფაროს თუ არა, მისმა ოჯახის წევრმა სესხი, ან რაიმე საბანკო ვალდებულება? აქვე გკითხავთ, სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაშიც, შესაძლოა, თუ არა რაიმე რისკები არსებობდეს და ბანკმა გარდაცვლილის ვალდებულება მაინც ოჯახს დააკისროს?

- კანონით შესაძლებელია, პირის გარდაცვალების შემდეგ, სესხის გადახდის მოთხოვნა მის მემკვიდრეებზე წარდგენილი იყოს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. თუ ადამიანს ქონება არ მიუღია, მას სესხის გადახდას ვერ მოსთხოვ. პირობითად, თუ ადამიანს 100 000 ლარი აქვს სესხი და მისმა მემკვიდრემ 50 000 ლარის ქონება მიიღო, მას არ შეიძლება იმაზე მეტის გადახდა მოეთხოვოს, ვიდრე სარგებელი მიიღო, ანუ სესხს იხდის მიღებული აქტივის ფარგლებში, ან თუ რამდენიმე მემკვიდრეა, თანაბარწილად იქნებიან გადახდაზე ვალდებულები. თუმცა, ამ ყველაფერს ხანდაზმულობის ვადაც აქვს, ყველა ტიპის მოთხოვნებზე სხვადასხვა ვადაა. როცა საბანკო დაწესებულებისთვის პირის გარდაცვალება ცნობილი გახდება, იქიდან 6 თვეში, მემკვიდრეს გადახდის მოთხოვნა უნდა წარუდგინოს. თუ ამ ვადაში არ წარუდგინეს, ასეთი მოთხოვნა ხანდაზმულია და მიუხედავად სამკვიდროს მიღებისა, პირს შეუძლია თქვას, რომ სესხს არ გადაიხდის, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. როცა ბანკისთვის გარდაცვალების შემთხვევა ცნობილი არ არის, კანონმდებელმა ერთწლიანი ვადა აიღო. თუ ერთი წელი გავიდა და ბანკი არ გამოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი დაზღვევა ვნახე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მასში ჩამოთვლილია ასეთი პუნქტები - პირი ავტომანქანას ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ უნდა მართავდეს, პირი დანაშაულის მსხვერპლი არ უნდა იყოს, რომ თანხა ანაზღაურდეს. მაგალითად, თუ ოჯახური დანაშაული მოხდა და ისეთმა პირმა განახორციელა მკვლელობა, რომელიც სესხთან დაკავშირებულია, ეს დაზღვევას არ დაექვემდებარებაო, იმდენად გაუმართლებელი პუნქტებია, დაზღვევას ხშირ შემთხვევაში, ფორმალური ხასიათი აქვს. ეროვნული ბანკის რეგულაციით, ბანკმა სიცოცხლის დაზღვევისას, სამი სადაზღვევო კომპანია უნდა შემოგვთავაზოს და თავად უნდა აირჩიო, ან მეორე ვარიანტია, სადაზღვევო კომპანიას ჩემთვის მისაღებ პირობებზე შევუთანხმდები და ბანკს შევთავაზებ. პირის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ბანკი ონკოლოგიურ დაავადებებზეც დაობს, ანუ არკვევენ, ადამიანს სიმსივნე დაზღვევამდე ჰქონდა თუ არა. ეროვნული ბანკის რეგულაცია მხოლოდ ბანკების მიმართ არ არის, სადაზღვევო კომპანიების მიმართაც ვრცელდება. სახელმწიფოს მეტი ზედამხედველობა, მეტი ზეწოლა, იმის გარანტიაა, რომ ბანკებიც და სადაზღვევო კომპანიებიც მეტად კეთილსინდისიერები იყვნენ. წყარო

ასევე ნახეთ:

ვის შეუძლია პრობლემური სესხების „შავი სიიდან“ მონაცემების გაუქმება

„სასწრაფოდ გვჭირდება რეზუს უარყოფითი პირველი ჯგუფის სისხლი“ - 18 წლის გოგოს მშობიარობა გაურთულდა და კომაშია

„აწი სულერთია ყველაფერი... ყველაზე უბოროტო კაცი იყავი“ - ახალგაზრდა მსახიობს მეგობრები გლოვობენ

 „სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო... უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ - დედა მატრონას სასწაულები, რომელიც ჩაგაფიქრებთ