1692302192
რატი იონათამიშვილი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ცვლილებაზე: ათობით მოქალაქემ დამირეკა, ისინი იყვნენ როგორც ნარკომომხმარებლები, ასევე მათი ოჯახის წევრები, მათ სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით

მთელი დღის განმავლობაში ათობით მოქალაქემ დამირეკა. ისინი იყვნენ როგორც ნარკომომხმარებლები, ასევე მათი ოჯახის წევრები. მათ სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
მისი განცხადებით, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები საბოლოო ჯამში ნარკომომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს.
„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლოგიკური გაგრძელება სახელმწიფოს გამოცხადებული პოლიტიკის, რომ ჩვენი მომავალი თაობების დაცვისთვის, სიჯანსაღისთვის, მათზე ზრუნვისთვის ჩვენ დღეს უნდა ვიმოქმედოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქმედითი ნაბიჯები მკვეთრად შეამცირებს საბოლოო ჯამში ნარკომომხმარებელთა რაოდენობას”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.