ფაშინიანი იმ სამართალდამცველებს დააჯილდოებს, რომლებმაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დააჯილდოებს სამართალდამცველებს, რომლებმაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა აღკვეთეს დანაშაული, რომელიც მიმართული იყო სომხეთის სახელმწიფოებრიობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

„აღკვეთილია ამ გეგმის შესრულება. მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინოს სამართალდამცავები, რომლებიც ამ საქმეზე აქტიურად მუშაობდნენ. მისივე თქმით, საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთანაც განიხილა.

ცნობისთვის, 25 ივნისს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ, სომხეთის არქიეპისკოპის, ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ფარგლებში იგეგმებოდა ტერორისტული აქტები და მკვლელობა, რისი მიზანიც იყო ხელისუფლების უზურპაცია.

განცხადების თანახმად, მოძრაობის ფარგლებში ჩამოყალიბდა 250-მდე ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ძირითადად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. მათ მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის მართვისა და სატრანსპორტო სისტემების დაბლოკვა დესტრუქციული ქმედებების საშუალებით.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კრიმინალური ჯგუფების გეგმაში შედიოდა: სატრანსპორტო კორიდორების ბლოკირება; ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გათიშვა; აფეთქებების გზით შიშის დანერგვა; კიბერთავდასხმები სახელმწიფო სისტემებზე; პოლიციის საქმიანობის შეფერხება და სახელმწიფო ხელისუფლების ჩამოშლა.

საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ ჯგუფების კოორდინაციის ორგანიზებას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ახდენდა.

ბაგრატ გალსტანიანი ორი თვით დააკავეს. მას ბრალად ედება ტერორიზმი, მასობრივი არეულობებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მომზადება. თავად არქიეპისკოპოსი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი სასამართლოსგან ამავე საქმეზე კიდევ 16 პირის დაპატიმრებას ითხოვს.