მადის დაქვეითების 5 მარტივი გზა - რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე წონაში დაკლების მსურველებს მადის დაქვეითების 5 მარტივ გზას ასწავლის. 

პირველი - მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცილოვანი საკვები; (მაგალითად, ლობიო, ბარდა, კვერცხი, ხორცი...). ამ ტიპის საკვების მიღების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც მადას აქვეითებს.

მეორე - მიიღეთ ცელულოზით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული, ასევე, მარცვლეული...). ამ ტიპის საკვების გადამუშავება ბოლომდე არ ხდება და ესეც ხელს უწყობს, რომ წონაში არ მოიმატოთ. გარდა ამისა, ცელულოზით მდიდარი საკვები სისხლში ინსულინის რაოდენობას მკვეთრად არ ზრდის, რაც კიდევ ერთი პლუსია, იმიტომ რომ ინსულინი ეს არის ჰორმონი, რომლის წყალობითაც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ზომაში კიდევ უფრო მეტად იმატებს. ნაკლები ინსულინი ნაკლები მიდრეკილებაა წონის მატებისკენ.

მესამე - საკვები რაც შეიძლება ნელა მიიღეთ. როდესაც თქვენ იღებთ საკვებს ნელა და მცირე ულუფებით, ასეთ შემთხვევაში საკვები ასწრებს წვრილ ნაწლავამდე მისვლას, სადაც არის უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ დანაყრების ჰორმონს. 

მეოთხე - უშუალოდ საკვების წინ მიიღეთ წყალი. ეს ყველაზე მარტივი გასაკეთებელია. თუ თქვენ საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე, დალევთ დაახლოებით ორ ჭიქა წყალს, თქვენ უფრო მალე დაგეუფლებათ დანაყრების განცდა და უფრო ნაკლებ საკვებს მიიღებთ. 

მეხუთე - როდესაც თქვენ ამზადებთ საკვებს, მზადების პროცესში თქვენ სუნის ხარჯზე ნაყრდებით.