ფრთხილად! 4 ყველაზე გავრცელებული ხერხი, რითაც შეიძლება ფული გამოგძალონ

ფულის გამოძალვა

ინტერნეტთაღლითობა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმას იძენს, რათა მომხმარებლები უფრო მარტივად შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი საბანკო მონაცემები დასტყუონ.

რაც უფრო მეტად „იხვეწება“ თაღლითობის ფორმები, უფრო მეტად უჭირთ ინტერნეტმომხმარებლებს მათი ამოცნობა, შედეგად კი ზარალდებიან. ბოლო პერიოდში ფიშერები ანუ ინტერნეტთაღლითები ყველაზე ხშირად შემდეგ 4 მეთოდს იყენებენ:

სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეთავაზებები 

რომელიმე მობილური ოპერატორის სახელით შექმნილი გვერდებიდან თაღლითები ავრცელებენ ინფორმაციას სერვისების ან იაფი ინტერნეტპაკეტების შესახებ.

„ფეისბუქის“ ან „ინსტაგრამის“ მომხმარებელი გადადის ბმულზე და ინტერნეტსერვისების შესაძენად მიჰყვება ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს ბმულს, სადაც შეჰყავს თავისი იუზერი და პაროლი. რადგანაც გვერდი, სადაც მომხმარებელმა თავისი პირადი ინფორმაცია შეიყვანა, ყალბია, თაღლითები იპარავენ აღნიშნულ მონაცემებს. შემდეგ კლიენტს სმს შეტყობინების სახით ეგზავნება ერთჯერადი კოდი, რომლითაც როგორც წესი, გადახდა უნდა დაადასტუროს და მოტყუებული მომხმარებელი კი აღნიშნულ მონაცემს ფროდსტერს უზიარებს ან თავად შეჰყავს ყალბ გვერდზე. კოდით დადასტურების შემდეგ კი სამწუხაროდ, თაღლითები ანგარიშზე არსებულ თანხას ითვისებენ.

სასურველია გადაამოწმოთ, რამდენად რეალურია შეთავაზება, დაეჭვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ მობილურ ოპერატორებს და გადაამოწმოთ ის. ასევე, ეცადეთ, ისარგებლოთ ოპერატორების აპლიკაციებით ან სერვისები მათ მიერ შემოთავაზებული კოდების მეშვეობით შეიძინოთ. ასე უფრო დაცულები იქნებით თაღლითობისგან.

ბანკის სახელით დაანონსებული აქციები და გათამაშებები

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მეთოდს ფიშერები დიდი ხანია იყენებენ, მახეში დღემდე ბევრი ინტერნეტმომხმარებელი ებმება.

მაგალითისთვის, თაღლითები, როგორც წესი, დღესასწაულების პერიოდში ავრცელებენ შეტყობინებებს სხვადასხვა გათამაშების შესახებ. წინასაახალწლოდ ვრცელდება სმარტფონების „გათამაშება“, რომელშიც „მონაწილეობის მისაღებად“ ინტერნეტმომხმარებელი გადადიოდა ბმულზე და შემდეგ - ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს გვერდზე, სადაც საკუთარი იუზერი და პაროლი შეჰყავდა.

თაღლითები აღნიშნულ ინფორმაციას „იპარავდნენ“, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხმარებელს სმს-ის სახით მიღებული კოდი შეჰყავდა ან მას ფროდსტერს უზიარებდა, კარგავდა ანგარიშზე არსებულ თანხას. ეს სქემა დროდადრო აქტიურდება დღესასწაულების წინ.

მსგავს გათამაშებებში ჩართვამდე სასურველია, გადაამოწმოთ ინფორმაცია ბანკთან ან ნებისმიერ იმ კომპანიასთან, ვისი სახელითაც ვრცელდება გათამაშება. გახსოვდეთ, არასდროს შეიყვანოთ პირადი მონაცემები უცხო პირების მიერ შემოთავაზებულ საეჭვო ბმულებზე. წაიკითხეთ სრულად