ექვსი მიზეზი, რატომ არის კარტოფილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

კარტოფილი

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილს ბოლო წლებში ხშირად „არაჯანსაღ“ პროდუქტად მიიჩნევენ, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს შეფასება მეტწილად მის არასწორ მომზადებასა და ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. სინამდვილეში, კარტოფილი მდიდარია ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

როგორც სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ვიგებთ, კარტოფილის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს.

ვიტამინების მნიშვნელოვანი წყარო
კარტოფილი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების ფორმირებაში და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. საშუალო ზომის კარტოფილი ადამიანის ორგანიზმს ამ ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 15%-ს აწვდის.

ასევე, კარტოფილი მდიდარია B6 ვიტამინით, რომელიც ასზე მეტ ფერმენტულ პროცესში მონაწილეობს, ხელს უწყობს ცილების დაშლას და მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

კალიუმისა და ქოლინის შემცველობა
კარტოფილი კალიუმის ერთ-ერთი კარგი წყაროა, რაც აუცილებელია კუნთებისა და ნერვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუმცა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებმა მისი მოხმარება უნდა გააკონტროლონ.

ამასთან, კარტოფილი შეიცავს ქოლინსაც — ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს უჯრედის მემბრანების ფორმირებაში და ნერვული სისტემის მუშაობაში. ქოლინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში, ნაყოფის სწორად განვითარებისთვის.

სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის
მოხარშული და შემდეგ გაგრილებული კარტოფილი შეიცავს ე.წ. რეზისტენტულ სახამებელს, რომელიც პრებიოტიკის ფუნქციას ასრულებს. იგი ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას და დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე.

გლუტენის არქონა და დაბალი კალორიულობა
კარტოფილი ბუნებრივად არ შეიცავს გლუტენს, რაც მას უსაფრთხო პროდუქტად აქცევს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გლუტენის მიმართ აუტანლობა აქვს. ამასთან, მოხარშული კარტოფილი დაბალკალორიულია — საშუალოდ 130 კალორიას შეიცავს და საკმაოდ ნოყიერიცაა.

მომზადების მნიშვნელობა
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კარტოფილის სასარგებლო თვისებების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მისი სწორად მომზადება. საუკეთესო არჩევანია მოხარშვა ან ორთქლზე დამუშავება, მაშინ როცა ჩიფსები და ზედმეტი ცხიმით მომზადებული კარტოფილი ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სასარგებლოა.

ასევე, რეკომენდებულია მწვანე შეფერილობის მქონე კარტოფილის თავიდან აცილება, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმისთვის საზიანოა.

გარემოსდაცვითი უპირატესობა
სიჯანსაღის გარდა, კარტოფილი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მომგებიანია — მისი მოყვანა შედარებით ნაკლებ წყალს მოითხოვს და ნაკლებ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე ისეთი კულტურები, როგორიცაა ბრინჯი და ხორბალი.

სტატია მომზადებულია გამოცემა The Conversation-ის მასალებზე დაყრდნობით.