1793992033
ალერგია, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს – ზაზა თელია მოსახლეობას აფრთხილებს
ალერგიული რეაქცია ყოველთვის მხოლოდ გამონაყარითა და ქავილით არ ვლინდება. ზოგჯერ ის გაცილებით მძიმე ფორმას იღებს და ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი – ეს ის სამი მდგომარეობაა, რომელთა ამოცნობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განმარტავს, რა იწვევს ალერგიულ რეაქციებს, როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი მდგომარეობის გართულებაზე და რომელი მედიკამენტია გადაუდებელ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი.
სპეციალისტის განმარტებით, ჭინჭრის ციება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ურტიკარია ეწოდება, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. მისთვის დამახასიათებელია კანზე ამოწეული, გაწითლებული გამონაყარი, რომელიც ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს.
ურტიკარია შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. თუ სიმპტომები ექვს კვირაზე ნაკლებხანს გრძელდება, მწვავე ფორმასთან გვაქვს საქმე, ხოლო ექვს კვირაზე მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში – ქრონიკულთან.
ზაზა თელიას თქმით, მწვავე ურტიკარიის შემთხვევების დაახლოებით 40% ინფექციებს უკავშირდება, მათ შორის ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებებს. შემთხვევების დაახლოებით 10%-ში გამომწვევი მედიკამენტებია, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები. საკვები და სასმელი კი გაცილებით იშვიათი მიზეზებია, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები გამონაყარს ხშირად სწორედ კვებას უკავშირებენ.
ქრონიკული ურტიკარია შესაძლოა თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ზოგჯერ მისი ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ის აუტოიმუნურ დაავადებებსა და ორგანიზმში არსებულ ქრონიკულ ინფექციებს უკავშირდება.
განსაკუთრებული ყურადღება კვინკეს შეშუპებას, ანუ ანგიოედემას სჭირდება. ამ დროს, ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, კანის ზედაპირული შრის ნაცვლად ღრმა ქსოვილები შუპდება. ყველაზე ხშირად შეშუპება ტუჩებისა და თვალების გარშემო ვითარდება, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლოა სასუნთქი გზებიც მოიცვას.
ექიმი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კვინკეს შეშუპების მიზეზი ზოგჯერ არა საკვები ან სხვა ალერგენი, არამედ წნევის დამწევი მედიკამენტებია. განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. პრილების ჯგუფი, რომელშიც შედის კაპტოპრილი და ლიზინოპრილი. თუ პაციენტი ამ პრეპარატებს იღებს და შეშუპება უვითარდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის სქემის გადახედვა. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც სიმპტომები შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს.
ზაზა თელიას განმარტებით, კვინკეს შეშუპება ყოველთვის ანაფილაქსიაში არ გადადის, თუმცა სასუნთქი გზების ჩართვის შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით საშიში ხდება.
ანაფილაქსიური შოკი იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში რეაქციაა. ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დროს პირველი რიგის გადაუდებელი საშუალება ადრენალინი, ანუ ეპინეფრინია.
მისივე თქმით, ანაფილაქსიის დროს დექსამეტაზონი ადრენალინს ვერ ჩაანაცვლებს და მისი გამოყენება გადაუდებელი მკურნალობის ნაცვლად დაუშვებელია. ადრენალინი სწრაფად მოქმედებს სისხლძარღვებზე და ანაფილაქსიური რეაქციის მართვის მთავარი საშუალებაა.
სპეციალისტის განმარტებით, საქართველოში ადრენალინის მზა ავტოინექტორების ხელმისაწვდომობა პრობლემურია, რის გამოც გადაუდებელ სიტუაციებში ამპულის გამოყენება ხდება საჭირო. პრეპარატი კუნთში შეჰყავთ.
ექიმის მთავარი გზავნილია, რომ ალერგიული რეაქციის დროს მხოლოდ გამონაყარზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ არის. ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან გონების დაკარგვა გადაუდებელი დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ანაფილაქსიის ეჭვისას ადრენალინის გამოყენება არ უნდა გადაიდოს ანტიჰისტამინური პრეპარატის ან დექსამეტაზონის მოლოდინში.












