ყოველგვარ ზღვარს არის გადასული გერმანიის ელჩის გამონათქვამები და, ზოგადად, მისი საქმიანობა საქართველოში - დავით მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

ქსენოფობიური და ზღვარგადასული - გერმანიის ელჩის მორიგ განცხადებას მმართველი გუნდი კვლავ მწვავე კრიტიკით ხვდება. "ქართულ ოცნებაში" პეტერ ფიშერის განცხადებას არასერიოზული და სამწუხაროც უწოდეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ფიშერის საქმიანობა რაც მალე დასრულდება საქართველოში, მით მეტად გაჩნდება შესაძლებლობა, ახალ ელჩთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

,,ყოველგვარ ზღვარს არის გადასული გერმანიის ელჩის გამონათქვამები და, ზოგადად, მისი საქმიანობა საქართველოში. ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც ჩვენ მისგან მოვისმინეთ, ნამდვილად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საქმე იმაშია, რომ ამ გამონათქვამებით, საკუთარი ნეგატიური როლით ქართულ რეალობაში, ის აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. ფიშერის საქმიანობა რაც მალე დასრულდება ჩვენს ქვეყანაში, მით, სავარაუდოდ, იქნება მეტი შესაძლებლობა, რომ ახალ ელჩთან, ახალ მოცემულობაში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს და პირიქით, გაუმჯობესდეს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც საქართველოში 4-წლიან მუშაობას ასრულებს, ერთ-ერთ ინტერვიუში ამჯერად საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ელჩმა ქართველების ევროპული არჩევანი რეგიონულ კონტექსტს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან ერთად ყოფნა შესაძლოა არასაკმარისი იყოს.