ვლადიმერ ბოჟაძე: ქართული მედიის და ქართული სამოქალაქო სექტორის ნაწილი ესტონური გახდა, სწორედ იმიტომ, რომ კანონმდებლობას თავი აარიდოს

ვლადიმერ ბოჟაძე

თავად დონორებიც კი იყვნენ წინააღმდეგები ასეთი კანონმდებლობის მიღების და როცა ჩვენ კონკრეტული სახელმწიფოები, კონკრეტული დონორები მოგვიწოდებდნენ კანონის გაუქმებისკენ, სწორედ ამას გულისხმობდნენ, რომ არის სურვილი, ჩვენს ქვეყანაში თანხები დაიხარჯოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს სწორედ დონორებისგან მოდის, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებაზე საუბრისას.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ესტონეთში რეგისტრირდება იმ მიზნით, რომ კანონმდებლობას გვერდი აუაროს.

„ქართული მედიის და ქართული სამოქალაქო სექტორის ნაწილი ესტონური გახდა, სწორედ იმიტომ, რომ კანონმდებლობას თავი აარიდოს და არცერთი დონორი დღემდე არ გვპასუხობს, აფინანსებენ თუ არა ქართულ ორგანიზაციებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს ესტონეთში ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ამ კანონისთვის აევლოთ გვერდი. პრობლემა სწორედ ის არის, რომ არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს ან გრანტის მიმღებს აქვს პრობლემა გამჭვირვალობასთან - ეს პრობლემა პირველ რიგში გრანტის გამცემებს აქვთ“, - განაცხადა ბოჟაძემ.