ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია
1770305479
პირდაპირ ვაცხადებთ, რომ სწორედ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მომქცევი და იზოლაციის საფუძველი ამ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ შედგა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
მან ისაუბრა დღეისთვის რამდენად არის დასავლური კურსისადმი სვლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში.
კითხვაზე, ვინაიდან ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი კონსტიტუციური ჩანაწერითაა გამყარებული, რა შეიძლება მოჰყვეს მსგავს გადაწყვეტილებას, შაქარაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის გარედან თავსმოხვეული ნაღმი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშია ჩადებული.
„ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი და როდესაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ნეიტრალიტეტი, ჩვენი პარტიის მთავარი იდეა, წარმოაჩინონ როგორც იზოლაციის საფუძველი, პირდაპირ ვაცხადებთ, რომ სწორედ ეს კონსტიტუციური ჩანაწერი არის ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მომქცევი და იზოლაციის საფუძველი ამ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ შედგა და არავინ უარყოფს, რომ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა მრავალვექტორულ სამყაროში. ეს ჩანაწერი არის ჩვენი შემზღუდავი, ჩვენი ხელის შემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ეროვნულ მიზნებს. ევროკავშირში გაწევრიანება ოდესღაც რომ გვესახებოდა, ეს გვესახებოდა, როგორც ინსტრუმენტი და არა ეროვნული მიზანი და თვითმიზანი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მოხდა ისე, რომ მათ შორის, ამაში საკუთარი წვლილი მიუძღვის ხელისუფლებასაც და დღესაც აგრძელებს ამას, რომ ეს საკითხი აყვანილია ეროვნულ ამოცანად და თვითმიზნადაა დასახული“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა, გაიმართოს საჯარო დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა, არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული. პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, „ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დაამტკიცოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ქვეყნის მიმართ“.