1791274912
უცნაურია, კონკრეტულად რა პარამეტრმა მოხიბლა მარტა კოსი მოლდოვასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირის ყველა ანგარიშში თუ შეფასებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყანაა - ნინო წილოსანი
ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მარტა კოსისშეფასებები მოლდოვასთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარია, რადგან, ევროკავშირის ანგარიშების მიხედვით, ეს ქვეყანა, დემოკრატიისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონეა.
"ნამდვილად უცნაურია, თუ რა იწვევს მარტა კოსის შთაბეჭდილებას მოლდოვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა პარამეტრმა და მაჩვენებელმა მოხიბლა, რადგან მოლდოვა, ვიცით, რომ ევროკავშირის მიერ ჩატარებულ ყველა ანგარიშში თუ შეფასებაში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მატარებელი ქვეყანა, მათ შორის დემოკრატიის იქნება თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით. ამავდროულად, მოლდოვას ეკონომიკაც საკმაოდ სუსტ ნაბიჯებს დგამს და შესაბამისად, გაუგებარია, რას შეიძლება ევრობიუროკრატიასეთი შთაბეჭდილების ქვეშ ამყოფოს, თუმცა ალბათ ყველას გვახსენდება მოლდოვას ხელმძღვანელის და მათი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომ ისინი მზად არიან, მოლდოვას სუვერენიტეტი დათმონ და შეუერთდნენ მეზობელ ქვეყანას იმისთვის, რომ გახდნენ ევროპის და ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, ალბათ ეს არის მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი, შთამბეჭდავი ყოფილა ის, რომ ქვეყანა ასე თამამად და მარტივად თმობს თავის სუვერენიტეტს," - აცხადებს ნინო წილოსანი.










