1791274912
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო
4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარებას და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში აფასებენ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოების უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩათრევა იყო.
"მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ხალხი გაერეკათ ანტიკონსტიტუციურ და უკანონო ქმედებებისაკენ, მერე, როცა დადგა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, გაეგრძელებინათ მუდმივი სპეკულაცია მათ მიერვე ამ მდგომარეობაში ჩაგდებული ხალხით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დღეს ეს ადამიანები კვლავ ყველას ბულინგით იქნებიან დაკავებულები, ვინც გაათვითცნობიერა, რომ ის გზა, რომელი გზაც მათ აარჩევინეს აი ამ ადამიანებმა, იყო აბსოლუტურად არასწორი და ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.










