1757870206
"უარი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც, სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს" - მარიამ ლაშხი ეუთო/ოდირზე

ეუთო/ოდირის საპასუხო წერილი "კურიერს" და ინფორმაცია, რომელიც მისიამ ოფიციალურად დაადასტურა - ჩეხეთში 3 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ორგანიზაციამ პრაღიდან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ სვამენ კითხვას, როგორ ასწრებს ეუთო/ოდირი დაკვირვების მიზნით ჩეხეთში ჩასვლას, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად დროის იგივე პერიოდში, საქართველოში მისიის გაგზავნაზე უარის მიზეზად ვადებს ასახელებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უარს სავარაუდოდ სხვა საბაბი აქვს. მათი თქმით, მისია, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დადებული დასკვნის გამო გარე თუ შიდა ძალების ზეწოლის ობიექტი იყო, ახლა მორიგი წნეხის თავიდან არიდებას ცდილობს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ეუთო/ოდირის ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც, სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს.
ჩვენი მხრიდან დროული იყო მათი მოწვევა, თუმცა ვხედავთ, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს, ხოლო ჩეხეთში მიდიან.
მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ შეუშლის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში არჩევნები", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.