თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის, მაგრამ თუ პარალელურად მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, ეს შედეგს ვერ მოიტანს,“ — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ბალანსი უნდა დაიცვას პრევენციასა და მკაცრ სამართლებრივ პოლიტიკას შორის.

„ჯანდაცვის სამინისტროში გარკვეული თანხები უნდა იქნას გამოყოფილი იმისთვის, რომ რეაბილიტაცია იქნება თუ სხვა სახის მკურნალობა, უზრუნველვყოთ. მაგრამ, ამავდროულად მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია — თუ პარალელურად ჩვენ ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გავაგრძელეთ, რაც მოიცავს რეალიზატორებთან და ვითომ მომხმარებლებთან, მაგრამ ფაქტობრივად რეალიზატორებთან ბრძოლას, ეს თანხები და მკურნალობა შედეგს ვერ მოიტანს და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება. ერთგვარი ბალანსი უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ამ კუთხით,“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.