„ჯარიმა 200 ლარი იქნება“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

მანქანები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება.

საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონის პროექტზე, რომელიც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარედგინა. მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეული მუხლები დაკორექტირდა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ახალციხე და ოზურგეთი დაემატება.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.