ცესკო „ლელოს“ ბრალდებაზე: ხმის მთვლელი აპარატი ორ ბიულეტენს ვერ მიიღებს. შესაძლებელია იყოს გადაცდომა, ორი ბიულეტენი იყოს გაცემული მაგრამ აპარატს არ აქვს შესაძლებლობა ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს

ცესკო

„ლელოს“ განცხადებას, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კანონდარღვევა დაფიქსირდა და ერთმა ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მოათავსა ხმის მთვლელ აპარატში ცესკოში პასუხობენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ „ლელოს“ განცხადება ტყუილია და ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან ხმის მთვლელ აპარატში შესაძლებელია მხოლოდ ერთი ბიულეტენის მოთავსება.

ცესკო, ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ბრალდებას, რომ საარჩევნო უბნებზე კამერით მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კანონით განსაზღვრული 10 წუთის განმავლობაში, პარტიას აქვს საშუალება, რომ გადაიღოს კადრები.
ცესკოში აღნიშნავენ იმასაც, რომ „ლელოს“ არც ერთი საჩივარი არ დაუწერია.

„რაც შეეხება ორი ბიულეტენის გაცემას, მინდა დავამშვიდო ამომრჩევლები, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ორ ბიულეტენს ვერ მიიღებს. შესაძლებელია იყოს გადაცდომა, ორი ბიულეტენი იყოს გაცემული მაგრამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით. დაიწერება ახსნა-განმარტებები. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არის ის, რომ ფიზიკურად ხმის მთვლელ აპარატს არ აქვს შესაძლებლობა ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს“, - განაცხადეს ცესკოში.