საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1759523717
თანხა დაითვალეს და ხელიდან ხელში კლიენტს ე.წ. ფაქტიც გადასცეს - მომხმარებლისა და რეალიზატორის შეხვედრა 30 წამი გაგრძელდა. ნარკოტიკის გაყიდვიდან მალევე, რეალიზატორთან სამართალდამცველები მივიდნენ და დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებამდე, პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ 53 წლის მამაკაცი ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად, სამართალდამცველებმა საკონტროლო შესყიდვის კადრები გადაიღეს. დანაშაულის ფაქტიც დადასტურდა. პირადი და ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. დაკავებულის ახლობლებს დანაშაულის შესახებ საუბარი არ სურთ.
ბათუმში ნარკოტიკის გაყიდვას გეგმავდა ახალგაზრდა ქალიც, თუმცა ვერ მოასწრო. "კურიერის" ინფორმაციით, ის ქსენია მოხარია, რომელიც პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მაშინ დააკავა, როდესაც ნარკოტიკს სამალავებში დებდა. ირკვევა, რომ ე.წ. ფაქტს მდინარე ჭოროხის ნაპირზე, ქვის ქვეშ ტოვებდა. 10-მდე ასეთი სამალავიდან გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკია ამოღებული. 21 წლის გოგოს ნაქირავებ ბინაში კი სამართალდამცველებმა კულტივირებისთვის საჭირო სასათბურე მოწყობილობები, ელექტროსასწორები და დაფასოებისთვის საჭირო მასალები იპოვეს.
ბელარუსის 21 წლის მოქალაქე გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ნარკოდანაშაულისთვის, ბათუმში უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - საპოლიციო ღონისძიება აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, თურქეთის 32 წლის მოქალაქე პოლიციამ გადამოწმების მიზნით შეაჩერა, ჩხრეკისას კი მას ჯიბეში გასაყიდად გამზადებული "ჰეროინი" და "მორფინი" ედო.
საქართველოს, ბელარუსის და თურქეთის მოქალაქეები წინასწარ პატიმრობაში არიან. გამოძიების ინფორმაციით, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს, დაკავებულებთან კავშირში მყოფი სხვა პირების დასადგენად კი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.