"არიან ადამიანები, ვინც ჩვენს შორის ასაკობრივ სხვაობას ხაზს უსვამენ, მაგრამ მე ასე არ ვთვლი..." - ინტერვიუ რუსკა ქარქაშაძესთან

 რუსკა ქარქაშაძე

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ახალგაზრდა დედაა, რომელიც შესანიშნავად ახერხებს დედობას სწავლაც და კარიერაც შეუთავსოს. რუსკამ „პრაიმ ტაიმს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- ახლა ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი როლი ჩემს შვილს უჭირავს. ყველაფერს ახლა სწავლობს და მინდა ჩართული ვიყო და აქტიურად მივიღო მონაწილეობა ზუკას განვითარებაში. თუმცა, ამის პარალელურად, ჩემს საქმესაც ვაგრძელებ და ვცდილობ, არ მქონდეს პაუზა. ამ ეტაპზე, ცოტა ნელით ტემპით ვმუშაობ, მაგრამ უფრო აქტიურადაც დავბრუნდები.

როცა დედა ხდები, შენი ცხოვრება მანდედან გამომდინარე მიდის. მანამდე, რა იყო, თითქოს არ გახსოვს. ბევრი მაკლია იდეალურ დედობამდე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ კარგი დედა ვარ. ბავშვი როგორი იქნება, სწორედ ამით გაირკვევა როგორია დედა. როცა ზუკა დაიბადა, დედაჩემთან ვიყავით, უნდა გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. როცა ორი კვირის გახდა, ჩვენს სახლში დავბრუნდით და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

- ძიძა გეხმარებათ ზუკას აღზრდაში?

- გვყავს დამხმარე, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ოჯახის წევრია. ასეთი დამხმარეს პოვნა მარტივი არ იყო, მაგრამ თვალდახუჭული ვენდობი ამ ადამიანს და ზუკასაც ძალიან უყვარს. ძალიან ახლობელი ადამიანების რჩევით მივაგენი ამ საოცარ ადამიანს და მადლობა ღმერთს ამისთვის.

- ვიცი რომ მეუღლეს ხშირად ანებივრებთ გემრიელი კერძებით...

- მე თვითონ ძალიან მიყვარს კერძების კეთება. სახლშიც ძალიან მნიშვნელოვანია სიმყუდროვე. რასაც ვთვლი რომ კარგად ვამზადებ ვცდილობ მე თვითონ მოვამზადო.

- თქვენს წყვილს შორის არის 12 წლიანი ასაკობრივი სხვაობა, რაც ხშირად არის განხილვის ობიექტი სოციალურ ქსელში, რა რეაქცია გაქვს ამაზე?

- ჩემი აზრით, ეს ასაკობრივი სხვაობა კატასტროფული არ არის. პრინციპში, ამას ყველაფერი დადებითი აქვს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც, ამ 12 წლიან ასაკობრივ სხვაობას, უსვამენ ხაზს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ბევრ რამეს ვსწავლობ ლაშასგან, რაც ერთად ვართ, უფრო განვვითარდი და ალბათ, ეს მისი დამსახურებაა. ჩემი კუთხით, სილაღე და ბავშვურობა შემაქვს ურთიერთობაში.

- ხშირად გიწევთ მოგზაურობა...

- მოგზაურობა ორივეს ძალიან გვიყვარს. ერთად ვგეგმავთ, ზუკა უკვე სამჯერ გვყავდა სამოგზაუროდ და ძალიან კომფორტული კაცი აღმოჩნდა.

- ალბათ, ხშირად გაგაკრიტიკეს კიდეც ძალიან პატარა ბავშვის სამოგზაუროდ წაყვანის გამო?

- თუ მაქვს რაღაცაზე ჩემი მყარი აზრი, გარშემომყოფებს არ ვუსმენ. დედამ ყველაზე კარგად იცის, რა უფრო კარგია თავის შვილისთვის. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც პატარა ასაკში ბავშვის მოგზაურობას სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ სპეციალისტებთან გავიარე რეკომენდაციები, მითხრეს, რომ ბავშვის მშობლებთან ერთად ყოფნა და გარემოს ცვლილება ძალიან კარგია და მათ ვენდობი.

- ლაშას მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, როგორი თქვენი რძალ-დედამთილური ურთიერთობა?

- არ ვთვლი, რომ რძალ-დედამთილური ურთიერთობა გვაქვს, ბევრად უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს. საოცარი ადამიანები არიან, ლაშას დედაც და მამაც ძალიან მიყვარს. ყველაფერში გვეხმარებიან. ხშირად გვაქვს ტრადიცია რომ რომელიმე შაბათს ან კვირა დღეს ვატარებთ მათთან ერთად და ზუკაც ბედნიერია.

- ურთიერთობები პატარა კონფლიქტების გარეშე წარმოუდგენელია, თქვენ თუ კამათობთ ხოლმე?

ვერ ვიტყვი რომ კონფლიქტურები ვართ. ბუნებრივია კამათი ხდება, მაგრამ ეს არ არის ერთმანეთის შეურაცხყოფა, მშვიდად ვუხსნით ჩვენს აზრს ერთმანეთს და კონსენსუსამდე მივდივართ. რომელიმე კომპრომისზე თუ არ წავიდა, ისე არ გამოდის ურთიერთობა. ჩემი ოჯახი ყველანაირად მგულშემატკივრობს, ლაშა ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარია. ახლა თუ რამეს ვგეგმავ და ვაკეთებ, ყველაფერი ლაშას მხარდაჭერით და სურვილით კეთდება. რადგან არ ვთქვა უარი იმ საქმეზე, რაც კარგად გამომდის და ალბათ, ბავშვსაც გაუხარდება წარმატებული დედა.