ტრამპი აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებასა და ირანზე: წამმზომი ჩართულია, მათთვისვე აჯობებს, იჩქარონ დათანხმება, თორემ მათგან არაფერი დარჩება

დონალდ ტრამპი

თუ თეირანი სწრაფად არ დათანხმდება აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებას, "მათგან არაფერი დარჩება" - წერს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური იერიშების შემდეგ, ვაშინგტონი ირანთან სამხედრო კონფლიქტის დასრულებას და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლას ამ დრომდე ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები პაკისტანის შუამავლობით 8 აპრილს ზავზე შეთანხმდნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რასაც აშშ-ის მხრიდან ირანის ნავსადგურების ბლოკადა მოჰყვა.

ირანული მედიის ცნობით, კონფლიქტის დასასრულებლად თეირანის მიერ შეთავაზებულ პირობებზე ვაშინგტონი კონკრეტულ დათმობებზე არ მიდის.