თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის - მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

მამუკა მდინარაძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმს და აღნიშნა, რომ ისინი ემსახურებიან საქმეს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან.

„თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც შეიცავს ყოველწამიერ რისკს და რომელიც თავის მხრივ, სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული. საქმისადმი ერთგულება და გათვითცნობიერებული თავგანწირვა თქვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. შეუძლებელია, იყო ამ პროფესიის წარმომადგენელი ვაჟკაცური ბუნებისა და თვისებების გარეშე. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც ასეთი თვისებების გარდა, სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია და უშეცდომობა. გულწრფელი მადლობა ყველას ასეთი პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის. ქართული სახელმწიფო კი ყოველთვის ვალდებული იქნება, განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-პრემიერმა გაწეული საქმიანობისა და ერთგული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა, სასროლეთი და ავტომუზეუმი დაათვალიერა. მოეწყო დასაცავ პირზე თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.