თორნიკე ჭეიშვილი: დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე

თორნიკე ჭეიშვილი

დემოგრაფიული მდგომარეობა არის ერთ-ერთი მტკივნეული და საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პირდაპირ აქვს გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცულობაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტში ამ თემაზე დღევანდელი დისკუსია იქნება იმის საწინდარი, რომ მოკლე პერიოდში დემოგრაფიის საკითხთან დაკავშირებით სიახლეები იყოს.

ჭეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დემოგრაფიის საკითხი არის ერთ-ერთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომeლსაც სათანადო ყურადღება სჭირდება.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ექსპრომტად მოხდა დისკუსიის გაშლა, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს ამ თემას, თუნდაც ინტერპელაციის ფორმატში. მიუხედავად იმისა, რომ სახელდახელოდ იყო ეს თემა შეთავაზებული, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რაც შეიძლება დღეს იყოს საქართველოში არასახარბიელო დემოგრაფიული ტენდენციების გამომწვევი. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს და ამას რა თქმა უნდა სჭირდება სერიოზული კვლევა შესაბამისი მიზეზების თვალსაზრისით და შემდგომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს პრობლემა სწრაფად გადაწყდეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.