ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ევროპელი ლიდერები ბირთვულ იარაღზე მეტისმეტად ბევრი საუბრის გამო გააკრიტიკა

ტეო ფრანკენი

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ტეო ფრანკენმა ევროპელი ლიდერები ბირთვულ იარაღზე მეტისმეტად ბევრი საუბრის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ბირთვულ შეკავებას რაც შეეხება, ნამდვილად არ მესმის, რატომ საუბრობენ ევროპელი ლიდერები ამდენს. ეს არაგონივრულია. გთხოვთ, მოკეტეთ“, - დაწერა მან X-ზე გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პოდკასტ-ინტერვიუს საპასუხოდ.

ინტერვიუში გერმანიის ლიდერმა გამორიცხა გერმანიის მიერ საკუთარი ბირთვული შეკავების საშუალებების შექმნა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანულ გამანადგურებლებს პოტენციურად შეუძლიათ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბირთვული იარაღის გადატანა.

გერმანია და ბელგია ორივე მონაწილეობს აშშ-ის ბირთვული გაზიარების შეთანხმებაში და მათ სამხედრო-საჰაერო ძალებს ამერიკული ბირთვული ბომბების გადატანა შეუძლიათ.