რეჟისორი კობა ცხაკაია გარდაიცვალა

კობა ცხაკაია

61 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი კობა ცხაკაია. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს კინოაკადემია ავრცელებს.

„საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, დრამატურგის, მწერლის, მსახიობის, პედაგოგის და რეჟისორის, არაჩვეულებრივი ადამიანის - ბატონი კობა ცხაკაიას 61 წლის ასაკში გარდაცვალების გამო...

კაბა ცხაკაიამ, 1990 წელს დაამთავრა საკავშირო საერთაშორისო კინო ინსტიტუტი (VGIK, გერასიმოვის სახელოსნო) გადაღებულია ფილმებში: "უძინართა მზე" (რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992წ.), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1995წ.), "წვრილ ვარსკვლავთა ღამე" (სერიალი, რეჟ. ა. ენუქიძე 2000წ.), "წითელი სტრეპტოციდი"(რეჟ. ვ. ჩიგინსკი, 2001წ.).

1986-1990წწ. მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში მსახიობად; 1986-1991წწ. "მოს-ფილმი" რეჟ. ასისტენტად ვ. ნაუმოვის ფილმებზე; 1995-2003წწ. სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგად, 1996-1997წწ. ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანიის კოორდინატორად; 1995-2003წწ. კინოსტუდია "ქართული-ფილმი" რეჟისორად. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები: "ცხოვრება საწვავის გარეშე" – 2001 წ., "ჯიბის თეატრი", "მზის ჯარისკაცები" – 2002 წელს ახალციხის სახელმწიფო თეატრში.
ქართულ პერიოდიკაში, სისტემატურად იბეჭდება მისი მოთხრობები და პიესები.
კობა ცხაკაია ბოლო დრომდე, ძალიან აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, იყო ავტორი ისეთი აქტუალური, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების, როგორებიცაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალი - «დიოგენე» და "რადიოკინო". ბატონი კობა არაერთი პრიზის და ჯილდოს მფლობელი გახლდათ:

2023 - ლიტერატურული პრემია „მუზა“, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე“ - წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირებისთვის;
2005-2007 - BBC-ის რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსი, სერთიფიკატი;
2006 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, პრემია;
2003 - ლიტერატურული პრემია "საბა"- წლის საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოები;
2002 - ტელესერიალების პროექტების კონკურსი "მეცხრე არხი", პირველი პრემია;
2001 - ტელესერიალების პროექტების კონკურსი "იბერია";
1999 - თბილისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირის - "ბესტსელერი" ლიტერატურული კონკურსი, პრემია;
1995 - კინოფესტივალი "ЗОЛОТОИ ВИТЯЗЬ", დიპლომი;
1994 - კიევის კინოფესტივალი "МОЛОДОСТ";
1993 - მიუნჰენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალის „დიოგენე“.
საქართველოს კინოაკადემია დიდი გულისტკივილით უსამძიმრებს ბატონი კობა ცხაკაიას ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებს, ყველას, ვისთვისაც მისი გარდაცვალება, დიდი დანაკლისია... 

პანაშვიდები: ხუთშაბათს და პარასკევს (19 და 20 თებერვალს) - მირქმის სახელობის ეკლესიაში, მისამართი: ნუცუბიძის მე-2 პლატოზე, მე-2 კვარტალი. გასვენება ტაძრიდან - შაბათს, 21 თებერვალს“, - წერია სამძიმრის ტექსტში.