თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად, დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვა

თორნიკე ჭეიშვილი

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად, დაუფარავად საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვა და ამის პრევენცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. დეპუტატმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ პოზიტიურ იმპულსებს, მათ შორის საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს.

„ეს გვაძლევს იმედს იმისა, რომ ძალიან მალე გვექნება გაცილებით უფრო კონკრეტული და ხელშესახები შედეგები იმ გზაზე, რასაც ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული თანამშრომლობის სრული მასშტაბით განახლება ჰქვია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო განაგრძობს თავისი სუვერენიტეტის დაცვას ყოველგვარი კომპრომისების გარეშე და ამ საკითხში „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.