ტომაშ ფროელიხი: არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ხელსაწყო, არამიზნობრივად გამოიყენება საქართველოში გეოპოლიტიკური მიზეზების გამო და ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არ არის ქართველი ხალხის ნების პატივისცემა

ტომაშ ფროელიხი

გვჭირდება პირველ რიგში დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა. შემდეგ კი უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი დაფინანსება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში რეჟიმის შეცვლაში მონაწილეობენ. ამ ენჯეოების დაფინანსება უნდა შეწყდეს. ელჩი კი გადადგეს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“.

იგი ამგვარად ეხმაურება პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ გერმანიის მთავრობის მიმართ გაგზავნილ კითხვებს.

„დიახ, ბუნდესტაგის დეპუტატებმა გაგზავნეს მთავრობაში კითხვები. მინდა ვთქვა, რომ მე სრულად პატივს ვცემ საქართველოს სუვერენიტეტს და მისი სრული უფლებაა, რომ ჰქონდეს ასეთი კანონი და დაიცვას ოჯახები ლგბტქი პროპაგანდისგან. ჩვენ როგორც afd-ს გვსურს მსგავსი კანონის შემოღება გერმანიაშიც. ასევე გვჭირდება გარკვეული მტკიცებულებები. რადგან ვხედავთ, რომ საქართველოში ენჯეოების არამიზნობრივი გამოყენება ხდება ქვეყნის დესტაბილიზაციის და რეჟიმის შეცვლის მიზნით. ვფიქრობ ეს გერმანიის ინტერესებში არ შედის.

გერმანიას საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობები უნდა სურდეს, ასეთი ჩარევით კი სრულიად საპირისპიროს ვაკეთებთ. ამიტომაც გვჭირდება პასუხები, გვჭირდება გამჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებზე, თუ როგორ გამოიყენება ეს თანხები საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ხელსაწყო, არამიზნობრივად გამოიყენება საქართველოში გეოპოლიტიკური მიზეზების გამო და ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. რადგან ეს არ არის ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.

გვჭირდება პირველ რიგში დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა. შემდეგ კი უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი დაფინანსება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში „რეჟიმის“ შეცვლაში მონაწილეობენ. ამ ენჯეოების დაფინანსება უნდა შეწყდეს. ელჩი კი გადადგეს, რადგან ის თავის საქმეს არასათანადოდ ასრულებს. ეს არის პირველი ნაბიჯები. ჩვენ საქართველოსთან გვსურს პრაგმატული ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე. გერმანიის მთავრობა კი არ სცემს პატივს საქართველოს და ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა", - განაცხადა ფროელიხმა.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართავს, მათ შორის კითხვები ეხება საქართველოსაც. პარტია კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს იმის შესახებ, თუ რა ყალბი ამბები გაავრცელა საქართველომ ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინტერესდება იმითაც, თუ რა პროექტებს აფინანსებს გერმანიის მთავრობა საქართველოში, რატომ არ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას და არის თუ არა ეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.