თენგიზ შარმანაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ფაქტი ესაა, რომ მას არაფერი გადაუფასებია. ცხოვრებაში არაფერს ნანობს, რაც აქამდე გაუკეთებია. ისევ იმ განწყობაზეა, რომ ამ რადიკალიზმითა და ამ ძალადობით გააგრძელოს საქმიანობა

თენგიზ შარმანაშვილი

პირდაპირ აღიარებს, რომ თანამონაწილეა იმ პროცესის, რაც იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.

მისივე თმით, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ახალაია იმასაც ადასტურებს, რომ მას არა მხოლოდ შეხედულებები არ შეუცვლია, არამედ თავის ქმედებაში იმავე ნარატივს მიჰყვება.

„თავის ქმედებაში იმავე ნარატივს მიჰყვება, რასაც აქამდე აკეთებდა - ეს არის დესტრუქცია, ეს არის კონსტიტუციის მიღმა მოქმედება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები. ფაქტი ესაა, რომ მას არაფერი გადაუფასებია. ცხოვრებაში არაფერს ნანობს, რაც აქამდე გაუკეთებია. ისევ იმ განწყობაზეა, რომ ამ რადიკალიზმითა და ამ ძალადობით გააგრძელოს საქმიანობა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ივანიშვილი უნდა დაემხოს“.